პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „ისინი ყოველდღიურად ადასტურებენ, რომ მართლაც არაკონსტიტუციურები და ძალადობრივები არიან, ვერ აღიქვამენ იმ დანაშაულებს, რომლებიც ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე აქვთ ჩადენილი, და ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში აუცილებლად გაიმეორებენ იგივე დანაშაულებს. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს და ამ პარტიებს პოლიტიკურ ველზე ყოფნას აუკრძალავს“

„ისინი ყოველდღიურად ადასტურებენ, რომ მართლაც არაკონსტიტუციურები და ძალადობრივები არიან, ვერ აღიქვამენ იმ დანაშაულებს, რომლებიც ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე აქვთ ჩადენილი, და ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში ისინი აუცილებლად გაიმეორებენ იგივე დანაშაულებს. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს და ამ მოძალადე, არაკონსტიტუციურ პარტიებს პოლიტიკურ ველზე ყოფნასა და მოღვაწეობას სრულად აუკრძალავს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი ალადაშვილმა რადიკალური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას განაცხადა.

„სანამ კონკრეტულად პროცესის მიმდინარეობასა და განხილვაზე გადავალ, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ გარკვეული ძალები ამ პროცესის დემოკრატიულ უკუსვლად წარმოჩენას ცდილობენ. რეალურად, ეს პირიქით – დემოკრატიის დაცვის პროცესია. მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო 3 წელიწადში უკრაინაში აიკრძალა 22 პოლიტიკური პარტია, მოლდოვაში – 8, ხოლო ევროპაში, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ჯამში 150-ზე მეტი. მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით ერთი კრიტიკული განცხადებაც კი არ გაუკეთებია არცერთ იმ ევრობიუროკრატს, რომლებმაც ჩვენთან მიმართებით არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთეს.

ახლა რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს: როდესაც ეს პროცესი, კერძოდ, პირველი, შუამდგომლობების ეტაპი დაიწყო, ჩვენ ვამბობდით და ვწინასწარმეტყველებდით, რომ როდესაც მეორე ეტაპზე გადავიდოდით და მათ მიმართულებით კონკრეტული კითხვები დაისმოდა – ფაქტებითა და არგუმენტებით გამყარებული კითხვები – მათ ამაზე პასუხები არ ექნებოდათ. სწორედ ამის მხილველები ვართ დღეს ჩვენ: ისინი ყოველდღიურად ადასტურებენ, რომ მართლაც არაკონსტიტუციურები არიან, არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესწყობილებასა და სახელმწიფოს, რომ ისინი ძალადობრივები არიან და ვერაფერი გაიგეს, ვერ აღიქვეს საკუთარი დანაშაულები, რომლებიც ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე აქვთ ჩადენილი. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში ისინი აუცილებლად გაიმეორებენ იგივე დანაშაულებს.

შეგვიძლია, წინა დღეების პროცესებიდან რამდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ, რომელიც კარგად გამოხატავს მათ უტიფრობასა და უმეცრებას. მაგალითად, როდესაც ისინი ამბობენ (ქალბატონმა წითლიძემ გააკეთა ასეთი განცხადება), რომ თურმე მათი უფლება ყოფილა მოლოტოვის კოქტეილებისა და პიროტექნიკის სროლა, სახელმწიფო ინსტიტუტებში შევარდნა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი; ამბობენ, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არ ყოფილა, ერთ-ერთი რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილებებს არ იღებდა; ვერ ხედავდნენ 4 ოქტომბრის ძალადობას და ამბობენ, რომ თურმე ძალადობაზე მოწოდებები არ ყოფილა – არადა, ძალიან კარგად გვახსოვს მსგავსი მოწოდებები მათი მხრიდან. შესაბამისად, ახლა ისინი არიან აბსურდული უარყოფისა და ერთმანეთისგან გამიჯვნის რეჟიმში: ნიკა მელიაზე ამბობენ, კანონმორჩილი მოქალაქეაო; „დროას“ ერთ-ერთმა წევრმა დღეს თქვა, საერთოდ არ ვიცი, პიროტექნიკა როდის და საიდან ამოიღესო, არადა, თვითონ ესწრებოდა ნიკა გვარამიასთან ერთად იმ ჩხრეკის პროცედურებს, როცა სამართალდამცველებმა პოლიციელებსა და პარლამენტზე თავდასხმისთვის გამზადებული ძალიან დიდი ოდენობით პიროტექნიკა ამოიღეს.

ისეთ ფაქტებს უარყოფენ, რომ ალბათ ავიწყდებათ, რომელ საუკუნეში ცხოვრობენ, და ეტყობა, ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი – მათი განცხადებები, ძალადობისკენ მოწოდებები, კადრები, სადაც ისინი თავს ესხმიან სახელმწიფო ინსტიტუტებს, შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, მოლოტოვების კოქტეილების დამიზნებით სროლა სამართალდამცველების მისამართით და ა.შ. – არქივში არ ინახება. ამით კიდევ ერთხელ, ყოველდღიურად ადასტურებენ, რომ ამას არ ნანობენ, მათთვის ეს ნორმალურია და კიდევ გაიმეორებენ. შესაბამისად, როდესაც პოლიტიკური პარტიის მხრიდან მსგავსი ქმედებების გამეორების საფრთხე არსებობს, მე ძალიან დიდი სურვილი და იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს და ამ მოძალადე, არაკონსტიტუციურ პარტიებს პოლიტიკურ ველზე ყოფნასა და მოღვაწეობას სრულად აუკრძალავს“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.