მოსამართლე რევაზ ნადარაია – გიორგი სიორიძეს: “თუ გამჭვირვალობის კანონია, მოიხსენიეთ, როგორც გამჭვირვალობის კანონი. თუ სხვა კანონია, მოიხსენიეთ ისე, როგორც მას ჰქვია. პატივი ეცით სახელმწიფო ინსტიტუტებს, პატივი ეცით სასამართლოს. თქვენ სასამართლოში ხართ და კანონი ისე უნდა მოიხსენიოთ, როგორც მას ჰქვია”
„რაც შეეხება მოსარჩელე მხარის პრეტენზიას, ასეთ კანონს მეც არ ვიცნობ. ასე რომ, კანონები მოიხსენიეთ იმ სახელით, რა სახელითაც არის“, – ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენელს, რომელმაც „გამჭვირვალობის კანონი“ „რუსულ კანონად“ მოიხსენია.
„ლელოს“ წარმომადგენლის განცხადებას მოსარჩელე მხარის პროტესტი მოჰყვა.
„მერამდენედ ამბობს “რუსულ კანონს” ბატონი გიორგი… როგორ შეფასებებს აკეთებს… ეს შეფასებები, პოლიტიკური, შეუძლია გააკეთოს გარეთ. თუ შეიძლება, აქ ისაუბროს კორექტულად“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
მოსარჩელე მხარის პრეტენზია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გაიზიარა.
„გამჭვირვალობის კანონს“ თუ გულისხმობთ, გამჭვირვალობად მოიხსენიეთ. სხვა კანონებს თუ გულისხმობთ, სხვა კანონებად მოიხსენიეთ. კანონები მოიხსენიეთ ისე, როგორც არის. აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა. ვფიქრობ, მე უნდა მიმეცა შენიშვნა, სანამ მხარე ამაზე პროტესტს გამოხატავდა. მე არ ვიცნობ, არ ვიცი, რა არის „რუსული კანონი“.
სასამართლოსთვისაც გასაგები უნდა იყოს. მოიხსენიეთ ყველა კანონი ისე, როგორც ჰქვია მას ოფიციალურ ენაზე. თქვენი შეფასებები გააკეთეთ გარეთ“, – დასძინა რევაზ ნადარაიამ.


