პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „დროას“ განცხადების შესახებ, რომ პარტიის ოფისიდან „მოლოტოვის კოქტეილები“ არ ამოუღიათ: “ამიტომ დაუწესეს სანქციები „იმედს“ და „POSTV-ის”; ამიტომ ცდილობენ, გარედან შეზღუდონ გამოხატვის თავისუფლება საქართველოში, დახურონ მედიები, რომ როგორც კი ხელში ჩაიგდებენ საინფორმაციო ველს და, მით უმეტეს, თუ ხელში ჩაიგდებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, ისინი, როგორც ორუელის ნაწარმოებშია, ისე შეცვლიან რეალობას და ისე წარმოაჩენენ რაღაცას, როგორც დაგიბარებიათ”

„ეს ახალი ხომ არ არის, რომ რაც იქნა ამოღებული 2024 წლის დეკემბერში, ეს ყველაფერი აღრიცხულია და ეს თავადაც კარგად იციან. ორი წელი გავიდა ამ მოვლენებიდან და, თუ რაიმე ჰქონდათ გასაპროტესტებელი, შეეძლოთ გაეპროტესტებინათ.

რეალობის შეცვლის მცდელობაა”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა
„დროას“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ პარტიის ოფისიდან „მოლოტოვის კოქტეილები“ არ ამოუღიათ.

“რა ვქნათ, დავივიწყოთ, პიროტექნიკით როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს, წვავდნენ პოლიციელებს, პოლიციის მანქანებს, წვავდნენ პარლამენტს?! ნახევარი მილიონი ლარის ზარალი მიადგა პარლამენტს – იმიტომ, რომ მის გადაწვას ცდილობდნენ. რამდენიმე ოთახი მთლიანად დაიწვა. რომ არა პარლამენტის აპარატის თანამშრომლების და აქ მყოფი მეხანძრეების სწრაფი მოქმედება, პარლამენტი დღეს, როგორც 90-იან წლებში გადაწვეს, ისე იქნებოდა გადამწვარი. ეს იყო, რასაც ისინი აპირებდნენ 2024 წლის დეკემბერში, რომ აქ 90-იანი წლები დაებრუნებინათ.

მეხსიერება ყველას გვაქვს, რაც არ უნდა შეეცადონ წარსულის შეცვლას. ეს არის მოძალადე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებისთვისაც ძალადობა პოლიტიკის წარმოების საშუალებაა. ფაქტი ჯიუტია – ყველას გვახსოვს ამოღებული „მოლოტოვის კოქტეილები“, „მოლოტოვის კოქტეილების“ დასამზადებელი მასალები. გვახსოვს ელენე ხოშტარიას განცხადებები, რომ დიახ, ისინი ყიდულობენ პიროტექნიკას და ესვრიან პოლიციელებს. ამაზე მეტი რაღა უნდა თქვან. იდავონ ერთმანეთში მაშინ.

ამიტომ დაუწესეს სანქციები „იმედს“ და „POSTV-ის”; ამიტომ ცდილობენ, გარედან შეზღუდონ გამოხატვის თავისუფლება საქართველოში, დახურონ მედიები – იმიტომ, რომ როგორც კი ხელში ჩაიგდებენ საინფორმაციო ველს და, მით უმეტეს, თუ ხელში ჩაიგდებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, ისინი, როგორც ორუელის ნაწარმოებშია, ისე შეცვლიან რეალობას და ისე წარმოაჩენენ რაღაცას, როგორც არმომხდარს და პირიქით, რაც არ მოხდა, იმაზე იტყვიან, რომ მოხდა, როგორც დაგიბარებიათ. და ისე გამოვა ევროკავშირის ელჩი და იტყვის, რომ ასე იყო…

ამას არ აკეთებს ევროკავშირის ელჩი? სწორედ ამას აკეთებს, როდესაც არ გმობს პრეზიდენტის სასახლის შტურმს. ამით ის მისივე დაფინანსებულ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აძლევს ლეგიტიმაციას, რომ იმან ისაუბროს ღობის საქმეზე და არა პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე. ეს არის, საბოლოო ჯამში, ის საინფორმაციო თავდასხმა, რომელიც სწორედ გარედან არის ორკესტრირებული, მხარდაჭერილი და წაქეზებული. მთავარი ამოცანაა, რომ ილაპარაკონ რაც შეიძლება ბევრი დაუჯერებელი ტყუილი, რომ შემდეგ დააჯერონ ადამიანები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სანამ ევროკავშირის ელჩი არ დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, იქამდე ყოველ დღე ისაუბრებს ამ საკითხზე და შეახსენებს მას.