ირაკლი ჩიქოვანი: „ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ეს იყო ყველაზე ეფექტიანი, პოზიტიური და შედეგის მომტანი ასოცირების საბჭოს სხდომა ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის ურთიერთობაში, რაც კი აქამდე ჩატარებულა“

118

„საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი იყო უმნიშვნელოვანესი და უაღრესად წარმატებული ევროკავშირი-საქართველოს და NATO-საქართველოს ურთიერთობების გზაზე“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უმაღლესი დონის აუდიენციებზე როგორც ჯოზეფ ბორელმა, ისე შარლ მიშელმა და იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნეს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს ევროპული და ევროინტეგრაციის გზაზე. თუ რაიმეზე იყო საუბარი, ეს იყო ის, რომ ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ იმისათვის, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ, გვჭირდება უფრო მეტი გადაწყვეტილება და რეფორმა. ამ რეფორმებში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ 9 ან 12 პრიორიტეტზეა დამოკიდებული საქართველოს პროგრესი, არ არის სწორი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი და ფართო დღის წესრიგი, რომელიც გათვალისწინებულია ყოველწლიური სამოქმედო გეგმით და ამ გეგმებს ჩვენი ქვეყანა ძალიან მკაფიოდ, სწრაფად და შედეგიანად ასრულებს.

რაც შეეხება NATO-თან ურთიერთობას, ძალიან მნიშვნელოვანია საერთო წვრთნები, რომელსაც ჩვენ NATO-თან ერთად ვატარებთ, და ასევე მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომელსაც ვქმნით არა მხოლოდ საქართველოს სამხედროებისთვის, არამედ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების სამხედროებისთვის.

ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო არ არის მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი სახელმწიფო, – ჩვენ რეგიონში ვართ ერთ-ერთი სანდო დასაყრდენი პარტნიორი.

ძალიან პოზიტიური განწყობა იყო შეხვედრებზე. აბსოლუტურად ყველამ გაუსვა ხაზი იმას, რომ ძალიან პოზიტიური და დადებითი დინამიკა არსებობს NATO-საქართველოსა და ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობის თვალსაზრისით.

სხვათა შორის, ორივე სესიის შეჯამებისას ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ეს იყო ყველაზე ეფექტიანი, პოზიტიური და შედეგის მომტანი ასოცირების საბჭოს სხდომა ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის ურთიერთობაში, რაც კი აქამდე ჩატარებულა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.