თამარ ჩიბურდანიძე: „გვარამია და მთელი ოპოზიცია რევოლუციას იმ ახალგაზრდებით აპირებენ, რომლებსაც ასაკის გამო არ უნახავთ მათი სისხლიანი რეჟიმი და, წლების განმავლობაში, უცხოური ფულით თავიანთთვის გამოზარდეს“

157

„ოპოზიცია რომ რევოლუციისთვის ემზადება, ამას თავადაც აღარ მალავს. მაგრამ მათი მთავარი ბოროტება არის ის, თუ ვისით აპირებენ ამ რევოლუციის მოხდენას, ვის გაისვრიან საზარბაზნე ხორცად. ეს ერთხელ უკვე ვნახეთ – მარტის დღეებში პირტიტველა ახალგაზრდები მათი ამბოხის მსხვერპლად გაწირეს. რომ არა ხელისუფლების ჰუმანიზმი და სწორედ ამ ახალგაზრდების დანდობის გამო უკან დახევა, რუსთაველი სისხლით შეიღებებოდა“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

„ნიკა გვარამია და მთელი ოპოზიცია რევოლუციას იმ ახალგაზრდებით აპირებენ, რომლებსაც ასაკის გამო არ უნახავთ „ნაცების“ სისხლიანი რეჟიმი და, წლების განმავლობაში, უცხოური ფულით თავიანთვის გამოზარდეს. ეს თაობა სააკაშვილის მმართველობის დროს ბავშვობის ასაკში იყო, დღეს კი ეს ახალგაზრდები ამომრჩევლები გახდნენ. სწორედ ამიტომ ხარჯავდნენ მათში კოლოსალურ თანხებს ბანაკებში თუ სხვადასხვა აქტივობაში.

ამ ადრეული ასაკის ახალგაზრდებისთვის ზედმეტად მომხიბვლელია ის ფსევდოლიბერალიზმი, რითაც წლების განმავლობაში კვებავენ ოპოზიციის ლიდერები და მათი დამფინანსებლები უცხოეთიდან. უცხოური გრანტები რომ ბევრ კარგ საქმეს ხმარდება, არავინ უარყოფს, მაგრამ როგორც ჩანს, კარგ საქმეებში დახარჯული ფული ხშირად თავფურცელია იმისა, რასაც შემდეგ აკეთებენ ახალგაზრდების “გამოსაზრდელად”.

მივმართავთ ამ პირტიტველა ახალგაზრდების მშობლებს: გააკონტროლეთ, თქვენი შვილები საიდან და რისთვის იღებენ თანხებს. თქვენ რომ გსიამოვნებთ უცხოური ორგანიზაციების სახელების გაგონება, იმ ორგანიზაციებს ადგილობრივი პოლიტიკოსები არიან ამოფარებულნი და თქვენს შვილებს შესაძლო სავალალო შედეგისთვის ამზადებენ. ახალგაზრდისთვის ფული მომხიბვლელია, მაგრამ გააჩნია, რისთვის უხდიან.

გჯეროდეთ, ოპოზიცია ვერაფერს მიაღწევს ამ ქვეყანაში არჩევნებით და, ეს რომ იციან, ამიტომ გამოიყენებენ თქვენი შვილების ემოციურ, “ცხელ თავებს” რევოლუციისთვის. და ვერც რევოლუციის მცდელობით რომ მიაღწევენ ვერაფერს, სწორედ ამიტომ გახდებიან თქვენი შვილები მათი პოლიტიკური ანგარების მსხვერპლნი. მესმის, რომ კვლავ ხელისუფლების ჰუმანიზმის იმედი გაქვთ, მაგრამ თუკი ოპოზიციის უკვე გამხელილ გეგმებს და უსაფუძვლო ამბიციებს გავითვალისწინებთ, ეს ჰუმანური ხელისუფლებაც უძლური იქნება თქვენი შვილების გადასარჩენად”, – წერს ჩიბურდანიძე.