არჩილ გორდულაძე: „ლევან გოგიჩაიშვილი და გიორგი შარაშიძე აცხადებდნენ, რომ არჩევნებსა და პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, თუმცა 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ მანდატების გამოყენება გადაწყვიტეს“
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრების – ლევან გოგიჩაიშვილისა და გიორგი შარაშიძის საჯარო განცხადებები წარადგინა, რომლებიც საპარლამენტო მანდატების გამოყენებისა და 4 ოქტომბრის მოვლენების შემდგომი პოლიტიკური რეალობის შეფასებას ეხებოდა.
„2025 წლის 27 ოქტომბერი. ლევან გოგიჩაიშვილი: “მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერს “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” ერთად დაგეგმილ პროვოკაციას, რომელსაც ერქვა მშვიდობიანი დამხობა, ამის შემდგომ, უბრალოდ, მანდატების არგამოყენებას აღარ ჰქონდა აზრი, ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ მანდატები, გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რასაც იძლევა პარლამენტი და საპარლამენტო საქმიანობა. ჩვენ ვამბობდით, რომ ის მანდატები, რა მანდატებსაც ფლობს დღეს “ქართული ოცნება”, ეს არის არჩევნების გაყალბების შედეგად მიღებული მანდატების რაოდენობა, რომელიც არ ასახავდა იმ მომენტისთვის რეალობას და საზოგადოებრივ განწყობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებთ არც ახლა პარლამენტის ლეგიტიმაციას, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ იმ რეალობას, რა რეალობაც არის შექმნილი და ჩვენ ვაპირებთ, გამოვიყენოთ საპარლამენტო ინსტრუმენტები”.
2025 წლის 30 ოქტომბერი. გიორგი შარაშიძე ჟურნალისტთან:
ჟურნალისტის კითხვა გახლავთ: “2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, თუ რამე მეშლება, შემისწორეთ, თქვენც, არალეგიტიმურად აცხადებდით, ხო ასეა? და ჩახსენით სიები. რა შეიცვალა თქვენს აღქმაში ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში? შეიცვალა ეს მიდგომა? აღარ ფიქრობთ, რომ “ქართული ოცნების” პარლამენტი არალეგიტიმურია? აღარ ფიქრობთ, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბდა?”
გიორგი შარაშიძე: “რა თქმა უნდა, ასე არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ ვფიქრობთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ზოგადად არის არალეგიტიმური რეჟიმი, მაგრამ, ამავე დროს, ყველაზე მთავარი რაც არის, არის ის, რომ ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ”.
ჟურნალისტი: “4 ოქტომბრის აქცია სხვანაირად რომ წარმართულიყო, თქვენ პარლამენტში არ შეხვიდოდით, ბატონო გიორგი?”
გიორგი შარაშიძე: “დიდი ალბათობით, არ შევიდოდით, რადგან 4 ოქტომბერი – ეს იყო გადამწყვეტი”.
ჟურნალისტი: “4 ოქტომბერს რა უნდა მომხდარიყო, რომ გახარიას გუნდს პარლამენტის სკამები არ დაეკავებინა? ვერ მივხვდი, რა კავშირი აქვს ამ ორს ერთმანეთთან?”
გიორგი შარაშიძე: “ამაზე ახლა საუბარი უკვე გვიანია, კიდევ ვიმეორებ იმიტომ, რომ ჩვენ 4 ოქტომბერი… უკვე, სამწუხაროდ, ეს ფაქტი არის, შემდგარი ფაქტი და ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით იმ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რაც იქნებოდა 4 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში“, – განაცხადა გორდულაძემ.


