თორნიკე ჭეიშვილი: „ე.წ. კასრების საქმე განსაკუთრებით მძიმე ფაბულის შემცველი საქმეა და, წესით, შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე ყველას კარგად უნდა ახსოვდეს“
„ე.წ. კასრების საქმე განსაკუთრებით მძიმე ფაბულის შემცველი საქმეა და, როგორც შევთანხმდით, აქ არ ვახდენ ამ ყველაფრის დემონსტრირებას, თუმცა, წესით, შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე ყველას კარგად უნდა ახსოვდეს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.
„ხსენებულ ჩანაწერებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც „კასრების საქმითაა“ ცნობილი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დამნაშავედ იქნა ცნობილი 11 პირი, მათ შორის:
მეგის ქარდავა — შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. დამნაშავედ იქნა ცნობილი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წამებასა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში;
კოხტა კოდუა — იმავე სამმართველოს თანამშრომელი. დამნაშავედ იქნა ცნობილი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წამებასა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში;
დავით ჩაგინავა — შსს-ს მაშინდელი თანამშრომელი – იმავე დანაშაულებზე, და სხვა პირები.
აქ ერთი უნდა აღინიშნოს: როდესაც მიაკვლიეს ამ კასრებს, საუბარი იყო 401 „CD” და „DVD“ დისკზე. მათ შორის, 31 დისკზე აღმოჩენილი იყო სხვადასხვა პირთა ინტიმური ურთიერთობები, 35 დისკზე – სხვადასხვა ტელეფონის ნომრის დეტალური ამონაწერები, 55 დისკზე – სხვადასხვა პირთა, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირთა ფარული აუდიოჩანაწერები და ა.შ.“ – განაცხადა ჭეიშვილმა.


