პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: „მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში მოვლენები არასახარბიელო მიმართულებით ვითარდება, სახელმწიფოებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დაძაბული ვითარების კონტროლი არსებობდეს“

„ვხედავთ, რომ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში მოვლენები უარყოფითი მიმართულებებით იცვლება და არასახარბიელო მიმართულებით ვითარდება, ეს ევროპაში პოლიტიკურ დაძაბულობას იწვევს, აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსებისთვის, პარტიებისთვის და სახელმწიფოებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დაძაბული ვითარების კონტროლი არსებობდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „მათ მშვენივრად მოეხსენებათ, რომ ხშირ შემთხვევაში კონტროლის ნაკლებობა და არამართვადი სიტუაციები წარმოქმნილია სწორედ ფარული დაფინანსებებით ან გაუმჭვირვალე დაფინანსებებით, რომელიც ე.წ. ენჯეოებს და სხვადასხვა არაკომერციულ ორგანიზაციას ხმარდება, რომელთაც, როგორც რბილ ძალას და როგორც პოლიტიკაზე ზეწოლის და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე განმსაზღვრელ ძალას, სხვადასხვა ძალა იყენებს“.

„ამ ტურბულენტობის პირობებში მნიშვნელოვანი გახდა, რომ ფარული დაფინანსებები ღია, აშკარა იყოს და კონტროლს ექვემდებარებოდეს. ეს საქართველომ თავის თავზე წლების განმავლობაში იწვნია, როდესაც არასამთავრობო სექტორი გამოიყენებოდა არა მართლაც სამოქალაქო საჭიროებებისთვის ან სხვა ამდაგვარი ჰუმანიტარული მიზნების მისაღწევად და სახელმწიფოსთვის მხარდასაჭერად, არამედ პირდაპირ პოლიტიკური და იდეოლოგიური ნარატივების გასატარებლად, მათ შორის, სახელმწიფო გადატრიალებების და რევოლუციების ორგანიზებისთვის.

ახლა იმას, რაც ჩვენივე გამოცდილებით დავინახეთ, უკვე ევროპის ყველა სახელმწიფო ხედავს. ისინი იმიტომ ხედავენ, რომ ამ ტურბულენტობის დროს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფინანსური წყარო, რომელიც პოლიტიკაზე პირდაპირ თუ ირიბად მოქმედებს, ღია და გამჭვირვალე იყოს და კონტროლს ექვემდებარებოდეს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.