ევროპარლამენტარი ბარტულიცა: “ევროპის კონტინენტი ვერ იქნება სივრცე, სადაც მსოფლიოს ყველა პრობლემა გადაიჭრება. ევროპულმა ქვეყნებმა მიგრაცია უფრო მკაცრად უნდა გააკონტროლონ და მკაფიოდ განსაზღვრონ პირობები, რომელთა საფუძველზეც ადამიანებს მათ ტერიტორიაზე შესვლისა და დარჩენის უფლება ექნებათ”
ხორვატული მედია ეხმიანება ევროპარლამენტარ სტივენ ნიკოლა ბარტულიცას გამოსვლას ზაგრებში გამართულ კონფერენციაზე თემით- „რა განსაზღვრავს ევროპას?“.
სტატიის მიხედვით ევროპარლამენტარი ბრიუსელის კრიტიკით გამოირჩევა და აღნიშნულია, რომ „ევროპა მსოფლიოს ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის“.
ბარტულიცამ მასობრივი მიგრაცია ევროპისთვის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხედ დაასახელა. მისი მტკიცებით, „მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში, რომლებიც შეგნებულად ბოროტად იყენებენ თავშესაფრის მიღების წესებს“, ევროპაში ინტეგრაციის განზრახვის გარეშე, სოციალური დახმარების მისაღებად ჩადის.
„ევროპის კონტინენტი ვერ იქნება სივრცე, სადაც მსოფლიოს ყველა პრობლემა გადაიჭრება“, -განაცხადა ბარტულიცამ. მისი აზრით, ევროპულმა ქვეყნებმა მიგრაცია უფრო მკაცრად უნდა გააკონტროლონ და მკაფიოდ განსაზღვრონ პირობები, რომელთა საფუძველზეც ადამიანებს მათ ტერიტორიაზე შესვლისა და დარჩენის უფლება ექნებათ.
მან ასევე გააფრთხილა საზოგადოება ევროპული ქვეყნების დემოგრაფიული პრობლემების შესახებ და აღნიშნა, რომ მოსახლეობის რაოდენობა მცირდება. მისი შეფასებით, ევროპამ სერიოზულად უნდა იმსჯელოს, როგორ იმოქმედებს ეს ტენდენციები მის მომავალსა და იდენტობაზე.
ბარტულიცას მტკიცებით, დემოგრაფიული პრობლემების გამო „ყველა ერი ნელ-ნელა ქრება“ და „ამ სიცარიელეს ვიღაც შეავსებს“. შესაბამისად, მისი აზრით, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ, ვინ შედის მათ ტერიტორიაზე და რა პირობებით.
„თუმცა ყურადღებით უნდა ვიყოთ, ვინ მოდის და რა პირობებით“,- განაცხადა ბარტულიცამ.
ამ კონტექსტში მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქრისტიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ევროპული იდენტობის გაგება მისი ისტორიული როლის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია.
ბარტულიცამ ასევე ისაუბრა ეკონომიკურ რისკებზე, რომლებიც ხორვატიას, როგორც ევროკავშირისა და ევროზონის წევრ სახელმწიფოს ემუქრება. მან განსაკუთრებით გამოყო საფრანგეთის მაღალი სახელმწიფო ვალი და გამოთქვა მოსაზრება, რომ მისმა ფინანსურმა პრობლემებმა შესაძლოა სხვა ევროპულ ქვეყნებზეც იქონიოს გავლენა.
მისი განცხადებით, საფრანგეთის სახელმწიფო ვალმა იმ დონეს მიაღწია, რომ ევროკავშირის სიდიდით მეორე ეკონომიკას სესხის აღება უკვე უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით უწევს, ვიდრე საბერძნეთს. მისი შეფასებით, მოვლენების ამგვარმა განვითარებამ შესაძლოა ევროზონას დამატებითი ტვირთი დააკისროს.
„ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ევროზონის სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება და ამის შედეგებს ხორვატიის მოქალაქეებიც იწვნევენ“,- დაასკვნა ბარტულიცამ და მოქალაქეები გააფრთხილა, თუ რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს საფრანგეთის ფინანსურ პრობლემებს ხორვატიის ეკონომიკისთვის.


