პოლიტიკა

გია აბაშიძე : “დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა უფრო უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებით ისარგებლებს, მაგისტრალურ ქსელზე ავარიული გათიშვების რისკი კი ფაქტობრივად განულდება – მოსახლეობისთვის 24-25 ნოემბერს შექმნილი დროებითი დისკომფორტი ამ მნიშვნელოვანი პროექტის აუცილებელი ტექნიკური ეტაპია”

დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა უფრო უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებით ისარგებლებს, მაგისტრალურ ქსელზე ავარიული გათიშვების რისკი კი ფაქტობრივად განულდება”,-წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე. მისი თქმით, სწორედ ამ შედეგის მისაღწევად ხორციელდება გაზსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება

„მოსახლეობისთვის 24-25 ნოემბერს შექმნილი დროებითი დისკომფორტი ამ მნიშვნელოვანი პროექტის აუცილებელი ტექნიკური ეტაპია, რომლის შედეგიც წლების განმავლობაში აისახება გაზმომარაგების საიმედოობაზე.

საგურამო-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენზე უკვე აშენებული 20-კილომეტრიანი ახალი მონაკვეთი მოქმედ ქსელს შეუერთდება. ეს ნიშნავს, რომ ახალი ინფრასტრუქტურა სრულფასოვნად ჩაერთვება გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიწოდების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას გააძლიერებს.

მოდერნიზაცია ამით არ დასრულდება. 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილია ქობულეთის განშტოების კიდევ 25-კილომეტრიანი ახალი მონაკვეთის მიერთებაც, რაც აჭარის რეგიონის უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს. ორივე პროექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დაცვით განხორციელებული ინფრასტრუქტურული განახლების ნაწილია.

ახალი მილსადენების მოქმედ ქსელთან მიერთება რთული საინჟინრო პროცესია, რომელიც უსაფრთხოების სრული დაცვით უნდა ჩატარდეს. სწორედ ამიტომ, სამუშაოების პერიოდში გაზის მიწოდების დროებითი შეჩერება აუცილებელია. მათი დაგეგმვისას გათვალისწინებულია როგორც ტექნიკური მომზადება, ისე მეტეოროლოგიური პირობები, რათა მოსახლეობისთვის შესაძლო დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს“, – წერს ანალიტიკოსი.

გია აბაშიძე აღნიშნავს, რომ 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, მათ შორის ბაკურიანს, ასევე დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს და აჭარის რეგიონს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.