პრეზიდენტი: “მთავარი გზა, რომელსაც ქართველმა ერმა დიდი ხნის წინ დაუდო საფუძველი, სწორედ ამ გზაშია ჩვენი გადარჩენა და მომავალი. ეს გზა მდგომარეობს იმაში, რომ გარდა ხილული გამოწვევებისა, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა”
“გილოცავთ გიორგობას, ჩვენი ერისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ქრისტიანულ დღესასწაულს”, – მიმართა საქართველოს პრეზიდეტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხალხს ბოდბის წმინდა ნინოს ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვისა და პატრიარქის ქადაგების დასრულების შემდეგ.
„წმინდა გიორგი ქრისტესთვის მებრძოლი უტეხი სული, მტკიცე რწმენა, ბოროტებაზე სიკეთით გამარჯვების მარადიული სიმბოლოა. უდიდესია მისი წვლილი ქრისტიანულ სამყაროში.
ჩვენმა ერმა მისი ამ გამორჩეული ცხოვრების, ღვაწლისა და მოწამებრივი სიცოცხლისთვის შეიყვარა.
შეიყვარა ისე, როგორც საკუთარი არსი და დაუკავშირა ჩვენი ერის ცხოვრება, არსებობა წმინდა გიორგის ცხოვრებას, მოღვაწეობას და მოწამებრივ აღსასრულს. იმიტომაც არის გამორჩეული წმინდა გიორგის სახელი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ერში.
ასევე, როცა ჩვენი მებრძოლები უთანასწორო ბრძოლაში მიდიოდნენ, მათ წმინდა გიორგი, გამოუვალ სიტუაციებშიც, არა მხოლოდ ზეციურ მფარველად მიაჩნდათ, არამედ ის ჰყავდათ, როგორც თანამებრძოლი და წინამძღოლი. ჩვენმა არაერთმა, მართლაც საკვირველმა ბრძოლებმა დაგვანახა, რამხელა ძალა აქვს რწმენას, ქრისტეს რწმენას, წმინდა გიორგის რწმენას და ამ რწმენით აქამდე მოვიდა ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა.
თითოეული ჩვენგანი უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩვენი ცხოვრების მისია. სწორედ აქ არის აუცილებლად გასააზრებელი, რომ ჩვენი პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის ერი მუდმივად იქნება მსოფლიოში არსებული გამოწვევების წინაშე. მაგრამ ჩვენი გადარჩენა და მომავალი იმ მთავარ გზაშია, რომელსაც ქართველმა ერმა დიდი ხნის წინ დაუდო საფუძველი და რომლის 1700 წლისთავსაც აღვნიშნავთ.
ამიტომ, თანამედროვე ეპოქაში მცხოვრებმა ამ ქვეყნის შვილებმა უნდა გავიაზროთ, დაფიქრდეთ და გავაგრძელოთ ჩვენი წინაპრების გზა. ეს გზა მდგომარეობს იმაში, რომ გარდა ხილული გამოწვევებისა, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა. ამის მაგალითია წმინდა გიორგი.
ღმერთმა დაიფაროს ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


