“ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: „ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფოებრივი არსებობის მიზანი, დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფ გაერთიანებასთან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინი კი − საგარეო პოლიტიკის სტრატეგია. საქართველოს მომავალი არ უნდა განისაზღვრებოდეს იმით, რომელ პოლიტიკურ ბლოკს მივეკუთვნებით. იგი უნდა განისაზღვრებოდეს იმით, რა ადგილი, რა ფუნქცია და რა მნიშვნელობა ექნება დამოუკიდებელ საქართველოს თანამედროვე მსოფლიოში“
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა, რომელიც გაერთიანებაში ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის ათწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებასა და ამ დროის განმავლობაში ხმის უფლების შესაძლო შეჩერებას ითვალისწინებს, კიდევ ერთხელ აუცილებელს ხდის დავფიქრდეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანის საფუძვლებზე. ფაქტია, რომ მრავალი მიმართულებით ღრმა კრიზისში მყოფ ევროკავშირს არათუ ახალი წევრების მიღების რესურსი არ გააჩნია, არამედ არსებული შემადგენლობითაც უჭირს ერთიანობის შენარჩუნება, ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის, რომელიც სრულად ექვემდებარება „დიფ სთეითს“, რთულია კონსენსუსის მიღწევა მათი დღის წესრიგის შეუფერხებლად განხორციელებისთვის. ამიტომ, ერთი მხრივ იმის საჩვენებლად, რომ ევროკავშირი კვლავ მიმზიდველი გაერთიანებაა, ის ცდილობს გაფართოების იმიტაციის შექმნას და მეორე მხრივ, წინასწარ ქმნის ისეთ პირობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პოტენციურად ახალი წევრი ქვეყნების უპირობო მორჩილებას.
აღნიშნული ინიციატივა უკვე თვეების განმავლობაში აქტიურად განიხილება, რაც კიდევ ერთხელ გამოკვეთს პრინციპულ შეკითხვას: რამდენად არის ასეთი გაერთიანებისკენ ორიენტაცია საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის სასარგებლო?
ევროპული ინტეგრაციის ისტორიულ საფუძველს წარმოადგენდა მშვიდობის, ეკონომიკური თანამშრომლობის, დემოკრატიის, სოლიდარობისა და სახელმწიფოთა თანასწორობის იდეა. ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლი პირდაპირ აღიარებს წევრი სახელმწიფოების თანასწორობასა და მათი ეროვნული იდენტობის პატივისცემას.
საინტერესოა, როგორ უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპს ისეთი სისტემა, რომელშიც ახალ წევრს ათი ან თხუთმეტი წლის განმავლობაში შესაძლოა განსხვავებული პოლიტიკური უფლებები და ნაკლები სამართლებრივი გარანტიები ჰქონდეს.
ფაქტია, რომ ამ ინიციატივით იქმნება ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელშიც წევრი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დაცვა, შესაძლოა ცალკეული ბიუროკრატების მხრიდან ევროკავშირის საერთო პოლიტიკისადმი არასაკმარის ერთგულებად შეფასდეს, რასაც შესაბამისი სანქციები და სხვა უარყოფითი შედეგები მოჰყვება.
მიგვაჩნია, რომ დემოკრატია არ ნიშნავს მხოლოდ უმრავლესობის გადაწყვეტილების აღიარებას − იგი გულისხმობს განსხვავებული პოზიციის არსებობისა და დაცვის უფლებასაც.
ბოლო წლებში კი, მას შემდეგ, რაც ბრიუსელის ბიუროკრატია მხოლოდ „დიფ სთეითის“ ინტერესების მომსახურე პერსონალად იქცა, საქმე გვაქვს არა მხოლოდ გაფართოების წესების ცვლილებასთან, არამედ ევროპული ინტეგრაციის თავდაპირველი პოლიტიკური ფილოსოფიის ძირეულ გადახედვასთან.
საქართველოს მიმართ ევროკავშირის წარმომადგენლები მუდმივად აპელირებენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, პოლიტიკური პლურალიზმისა და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე. ეს პრინციპები მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც − ისინი არ არის რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის საკუთრება და მათი დაცვა უპირველესად ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესში შედის.
სწორედ ამიტომ გვაქვს შეკითხვა: თუ პოლიტიკური პლურალიზმი ღირებულებაა, რატომ უნდა იქცეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია შესაძლო სანქციის საგნად? თუ სახელმწიფოთა თანასწორობა ფუნდამენტური პრინციპია, რატომ უნდა არსებობდეს ძველი და ახალი წევრებისთვის განსხვავებული უფლებრივი რეჟიმის დაწესების შესაძლებლობა? და თუ სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული პოლიტიკური წესრიგის საფუძველია, სად გადის ზღვარი საერთო ევროპულ ინტერესებსა და წევრი სახელმწიფოს დამოუკიდებელი პოლიტიკური გადაწყვეტილების უფლებას შორის?
ჩვენთვის მიუღებელია როგორც დემოკრატიული ღირებულებების დარღვევა, ისე ამ ღირებულებების პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა.
საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში იმეორებს, რომ ქვეყანა ევროკავშირში ღირსებით უნდა შევიდეს. მაგრამ ღირსება მხოლოდ პოლიტიკური განცხადება არ არის და მისი საზომი უნივერსალური სკალაც არ გამოუგონია კაცობრიობას. ქვეყნის ღირსება გულისხმობს სახელმწიფოს უნარს, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ეროვნული ინტერესები, შეაფასოს საერთაშორისო ვალდებულებები და მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი იდენტობის, მოქალაქეების კეთილდღეობისა და ქვეყნის უსაფრთხოების გათვალისწინებით.
სწორედ ამიტომ უნდა ვკითხოთ საქართველოს ხელისუფლებას: რას ნიშნავს ღირსებით გაწევრიანება, თუ თავად ევროკავშირში განიხილება ახალი წევრების მიმართ განსხვავებული უფლებრივი რეჟიმის დაწესება? არის თუ არა შესწავლილი ამგვარი წევრობის შესაძლო პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები? რა პირობებს მიიჩნევს საქართველო მიუღებლად საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით? და რაც მთავარია − რატომ უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიზანი ერთ რომელიღაც გაერთიანებაში გაწევრიანება და არა საკუთარი სახელმწიფოს უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ამ ყოველივეს მომტანი საერთაშორისო ფუნქციის დამკვიდრებაზე მუშაობა?
საქართველო არ უნდა აღმოჩნდეს მდგომარეობაში, როდესაც მისი საგარეო პოლიტიკური წარმატება მუდმივად განისაზღვრება იმით, რამდენად კმაყოფილია მისით ბრიუსელი, ვაშინგტონი, მოსკოვი ან რომელიმე სხვა პოლიტიკური ცენტრი. დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკის საზომი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა უნდა იყოს.
როგორც ვხედავთ, თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება აზიაა. ჩინეთის, ინდოეთის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და სპარსეთის ყურეს ქვეყნების ეკონომიკური განვითარება საქართველოს ახალ შესაძლებლობებს უქმნის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს, საქართველო იქცეს ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, საინვესტიციო და დიპლომატიური თანამშრომლობის მნიშვნელოვან სივრცედ.
ამ შესაძლებლობის გამოყენება მოითხოვს გაცილებით მეტს, ვიდრე სატრანზიტო დერეფნის შესახებ განცხადებებია. საქართველოს სჭირდება საკუთარი წარმოების განვითარება, ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება, საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელებში ინტეგრაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვა და ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას მხოლოდ ტვირთების გამტარ ტერიტორიად არ დატოვებს.
ამავდროულად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არ ვაყენებთ საკითხს ევროპასთან ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტის ან შეზღუდვის შესახებ. პირიქით − საქართველოს ინტერესშია ევროპის ქვეყნებთან არსებული სავაჭრო შესაძლებლობების შენარჩუნება და განვითარება, მაგრამ ეს შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც საქართველო გათავისუფლდება კონსტიტუციური დოგმისგან და ახალი მოცემულობით დაიწყებს ურთიერთობას ევროკავშირთან თუ ცალკეულ წევრ ქვეყნებთან.
საქართველოს სჭირდება ურთიერთობები ყველა იმ სახელმწიფოსა და ეკონომიკურ გაერთიანებასთან, რომელთან თანამშრომლობაც მისთვის სასარგებლოა და არ ზღუდავს მის სუვერენიტეტს. ჩვენ არ უნდა ვაკეთებდეთ არჩევანს პოლუსებს შორის, არამედ უნდა ვიყენებდეთ საკუთარ შესაძლებლობას, ვითანამშრომლოთ ყველა მხარესთან.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიიჩნევს, რომ დადგა დრო, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მომავალი განვიხილოთ განსხვავებული სახელმწიფოებრივი ხედვით. ჩვენთვის ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს იზოლაციას, საერთაშორისო პროცესებისგან განდგომას ან საკუთარი უსაფრთხოების სხვათა კეთილ ნებაზე მინდობას. ნეიტრალიტეტი არც რომელიმე დიდი სახელმწიფოს ინტერესებისადმი დამორჩილებაა.
ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ საქართველოზე, რომელიც არ ერთვება სამხედრო ბლოკებს შორის დაპირისპირებებში, მაგრამ აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ეკონომიკურ, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ თანამშრომლობაში.
საქართველოს ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში დიდი სახელმწიფოების ინტერესთა დაპირისპირების სივრცე იყო და ხშირად გვიწევდა არჩევანის გაკეთება იმ ძალებს შორის, რომელთა მიზნები ყოველთვის არ ემთხვეოდა საქართველოს ინტერესებს. დღეს ჩვენი ამოცანა ამ ისტორიული გამოცდილების ახლებურად გააზრებაა: საქართველო უნდა იქცეს არა დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების ასპარეზად, არამედ მათი დიალოგის, მშვიდობისმყოფელობისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სივრცედ.
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უნდა გახდეს არა მხოლოდ ქართველი ხალხის მოთხოვნა, არამედ მეზობელი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო პარტნიორების საერთო სტრატეგიული ინტერესი. ეს არ არის ადვილად მიღწევადი მიზანი − მას სჭირდება ძლიერი თავდაცვისუნარიანობა, ეროვნული თანხმობა, საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიები, ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაძლიერება და თანმიმდევრული, სამშვიდობო დიპლომატია, ნაცვლად აბსოლუტურად ყალბი მოლოდინისა, რომ ევროკავშირში ვითარება გაუმჯობესდება და საქართველოსთან მიმართებით დამოკიდებულებას შეცვლიან − ვხედავთ, რომ ყველაფერი პირიქით ვითარდება.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საკითხს. საქართველოს ნეიტრალიტეტის ნებისმიერი საერთაშორისო მოდელი უნდა ემყარებოდეს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტის რეალურ პერსპექტივას.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიიჩნევს, რომ ქვეყანას სჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური განხილვა საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქციის შესახებ. ამ განხილვისას კი, მოსახლეობას უნდა ვუთხრათ სრული სიმართლე, თუ რა პირობებს აყენებს ბრიუსელი საქართველოს წინაშე და რას მოუტანს ქვეყანას აღნიშნული პირობების შესრულება უსაფრთხოების, სუვერენიტეტის თუ ეკონომიკური განზომილებით. ხოლო მეორე მხრივ, რა შესაძლებლობებს უქმნის ქვეყანას მუდმივი ნეიტრალიტეტის მოდელი.
ჩვენ არ ვუპირისპირებთ ერთმანეთს ევროპულ კულტურას, ევროპასთან თანამშრომლობასა და საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ჩვენ ვეწინააღმდეგებით წარმოდგენას, თითქოს საქართველოს ისტორიული დანიშნულება რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების წევრობით ამოიწურება. საქართველოს აქვს საკუთარი ისტორია, საკუთარი ეროვნული ინტერესები, საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობები და საკუთარი სახელმწიფოებრივი მომავალი.
ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფოებრივი არსებობის მიზანი, დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფ გაერთიანებასთან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინი კი − საგარეო პოლიტიკის სტრატეგია.
საქართველოს მომავალი არ უნდა განისაზღვრებოდეს იმით, რომელ პოლიტიკურ ბლოკს მივეკუთვნებით. იგი უნდა განისაზღვრებოდეს იმით, რა ადგილი, რა ფუნქცია და რა მნიშვნელობა ექნება დამოუკიდებელ საქართველოს თანამედროვე მსოფლიოში“, – ნათქვამია განცხადებაში.


