პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია. როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე“

„არის სხვადასხვა ტიპის პრობლემა, დაკავშირებული სუროგაციასთან. ზოგადად, სულ 7 ქვეყანა იყო, ახლა 6 დარჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია. ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სუროგაციასთან. შესაბამისად, ძალიან მძიმეა ის მოვლენა, რასაც ჰქვია, თავისი არსით, სუროგაცია, პირველ რიგში, სწორედ ქალბატონების ექსპლუატაციის კუთხით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ეს პრინციპული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წვლილი, თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, ჩვენ მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარი პრობლემა არის ქალბატონების ექსპლუატაცია, რაც არის, სამწუხაროდ, სუროგაციის აუცილებელი ელემენტი. როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია. აქედან გამომდინარე, რეგულაცია არ წყვეტს ძირეულ პრობლემას. ქალის ექსპლუატაციის პრობლემა რჩება ისევ ძირეულ პრობლემად, როგორც არ უნდა დაარეგულირო ეს საკითხი“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან მიმდინარეობდა კონსულტაციები.

„სუროგაციაზე გვქონდა კონსულტაციები. მათი პოზიცია იყო ის, რომ სუროგაცია უმჯობესი იყო, აკრძალულიყო. ჩვენ გვაქვს ხოლმე კონსულტაციები. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო იღებს თავის დამოუკიდებელ, სუვერენულ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. როცა ასეთ საკითხებს ეხება საქმე, ბუნებრივია საპატრიარქოს მოსმენა, ეკლესიის მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება. ასეთ რეჟიმში წარიმართა კონსულტაციები სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.