პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში, რაც სააკაშვილმა აღიარა. შემდეგ ომის პროვოკაციას წამოეგო – ანუ რუსეთის საქმე გააკეთა და ომის შემდეგ ისევ რუსეთს ჩაეხუტა”

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ და მოგვიანებით წაშლილ პოსტზე ისაუბრა.

„რაც წლები გადის, სააკაშვილს მით უფრო უჭირს შეგუება იმასთან, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვა. ასეთ დროს ნერვები უმტყუნებს ხოლმე და წამოსცდება სიმართლე.

სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ [სააკაშვილის თქმით] რევოლუცია უცხო სახელმწიფომ მოაწყო. სააკაშვილი არაფრის მომწყობი არ იყო თვითონ და სხვა ქვეყანა დაეხმარა ამაში – ეს უკვე აღიარებითი ჩვენებაა და კიდევ ერთი მტკიცებულებაა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ხელისუფლებაში უცხო სახელმწიფოს დახმარებით მოვიდა.

ახლა ჩვენი გასარჩევი ის არ არის, რუსებმა აღმოუჩინეს სააკაშვილს მეტი მხარდაჭერა თუ ამერიკელებმა. შეიძლება, ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, რადგან მგონია, რომ სავარაუდოდ, ორივემ.

სააკაშვილისთვის შეღავათი არ იქნება, თუ დავადგენთ, უფრო მეტი ამერიკელი დაეხმარა თუ რუსი.

ერთადერთი, რაც მას კიდევ ზედმეტ ტვირთად დააწვება, არის ის, რომ სააკაშვილი მუდმივად ამბობდა, – რუსები ჩვენი მტრები არიანო და ახლა სხვა რაღაცას ამბობს.

თავის დროზე, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთზე ამბობდა, – საქართველოში რუსული ინვესტიციები უნდა ჩაიდოს და რუსი ტურისტებიც უნდა ჩამოვიდნენო, რადგან რუსულ საქმეს აკეთებდა მაშინაც და ახლაც მათ საქმეს აკეთებს.
რაც შეეხება მის აღიარებას, რომც არ აღიაროს, ამის მტკიცებულებაც არსებობს.

სანამ იგორ ივანოვი საქართველოში ჩამოვიდოდა, სააკაშვილი კარგ ხასიათზე ნამდვილად არ იყო, მაგრამ როცა ივანოვი ჩამოვიდა, ხელი ჩამოართვა და ერთმანეთს გადაეხვივნენ, სააკაშვილი, პრაქტიკულად, დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა და, შესაბამისად, ძალიან კარგ ხასიათზე დადგა. ამის ვიდეოებიც არსებობს.
სააკაშვილი ამ ფაქტს რომ აღიარებს, ამაში უჩვეულო არაფერია.

მისი ეს პოსტი წაიშალა გასაგები მიზეზების გამო – ეტყობა, ჯერ კიდევ დარჩენილმა მომხრეებმა ურჩიეს პოსტის აღება – როგორც ჩანს, შემდეგ თვითონაც მიხვდა, რომ ნამეტანი აღიარება იყო ეს ყველაფერი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: იგორ ივანოვისა და სააკაშვილის შეხვედრის ვიდეოები არსებობს და ეჭვი არავის ეპარება, რომ ივანოვს დიდი როლი აქვს სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანაში.

ასე რომ, ამ შემთხვევაშიც მორიგი მტკიცებულება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უცხო ქვეყნის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში – ამ შემთხვევაში, რუსეთის – რაც თვითონ აღიარა; სააკაშვილი რუსეთის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში. შემდეგ ომის პროვოკაციას წამოეგო – ანუ რუსეთის საქმე გააკეთა და ომის შემდეგ ისევ რუსეთს ჩაეხუტა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.