ირაკლი კობახიძე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ: “უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაში თითქოს არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ძალიან მარტივად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი დღევანდელ ვითარებაში ასეთმა ინიციატივებმა. ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას. უამრავ პროვოკაციას მოაწყობენ. შესაბამისად, ეს შეიძლება მიმართული იყოს მოქმედი ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ”
„სპეცწარმომადგენელმა გამოყო სამი კატეგორიის საკითხები. ეს იყო ღვინოსთან დაკავშირებული საკითხები – ასე ვთქვათ, ნეგატიური საკითხი, რომელიც საჭიროებს სასწრაფო გადაჭრას და ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამ საკითხის გადაჭრას. ასევე იყო მთელი რიგი ტექნიკური საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვეულებრივად გაგრძელდება საუბარი და ამასთან ერთად იყო, ასე დავარქვათ, პოზიტიური საკითხები, თუმცა აქაც განმარტა სპეცწარმომადგენელმა – მაგალითად, მან ახსენა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციების მოწყობა და ა.შ.”, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
“რაც შეეხება ე.წ. პოზიტიურ საკითხებს, აქაც რატომ გვაქვს ეჭვები – რადგან ასეთი საკითხები კარგად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს, მაგალითად, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციები.
თითქოს აქ არაფერი არ არის ცუდი, მეტიც – მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, მაშინ იყო საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის, ტარდებოდა ერთობლივი კონფერენციები.
მე პირადად ვესწრებოდი ერთ-ერთ კონფერენციას, რომელიც გაიმართა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით. ჩამოსული იყვნენ რუსი სტუდენტები, იყვნენ ქართველი სტუდენტები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული ამ ყველაფერში 2011 წელს, წინა ხელისუფლების პერიოდში, ომის დასრულებიდან ძალიან მალევე.
თითქოს არაფერი ცუდი არ არის ამაში, მაგრამ აქაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი დღევანდელ ვითარებაში ასეთმა ინიციატივებმა. რა თქმა უნდა, ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას, უამრავ პროვოკაციას მოაწყობენ ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, შესაბამისად, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მიმართული მოქმედი ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და იმედი მაქვს, ეს კითხვის ნიშნები ავა ხელისუფლების მაღალ ეშელონებამდე და შეიცვლება დამოკიდებულება. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი.
დიალოგი არის საჭირო, რადგან არის საქართველო, არის რუსეთის ფედერაცია, არის ქართველი ხალხი, არის რუსი ხალხი. ჩვენ ვართ ერთმანეთის მეზობლები და დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია.
ჩვენ მოთმინებით გავაგრძელებთ საუბარს და იმედი გვაქვს, რომ ეს საუბრები გამოიღებს შედეგს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


