პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ევრობიუროკრატიამ და ამ შემთხვევაში მისმა ერთ-ერთმა მთავარმა ინსტანციამ, ევროპარლამენტმა, ძალიან დაიზიანა საკუთარი თავი – პრაქტიკულად, გაინადგურა თავისი სანდოობა და ხარისხი. აქედან გამომდინარე, აღარავის ადარდებს, რა რეზოლუციას მიიღებს ევროპარლამენტი – მათ შორის, არც ევროკომისიას და უკვე აღარც იმ სახელმწიფოებს, რომელთა სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ იღებს ამ რეზოლუციებს“

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ევრობიუროკრატიამ და ამ შემთხვევაში მისმა ერთ-ერთმა მთავარმა ინსტანციამ, ევროპარლამენტმა, ძალიან დაიზიანა საკუთარი თავი – პრაქტიკულად, გაინადგურა თავისი სანდოობა და ხარისხი. აქედან გამომდინარე, აღარავის ადარდებს, რა რეზოლუციას მიიღებს ევროპარლამენტი – მათ შორის, არც ევროკომისიას და უკვე აღარც იმ სახელმწიფოებს, რომელთა სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ იღებს ამ რეზოლუციებს“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომლის განხილვაც ხვალ იგეგმება.

„ამ შემთხვევაში, საქართველოზე რომ ვთქვათ – პრაქტიკულად ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და, მათ შორის, ანტიევროპული იყო ყველა რეზოლუცია. 6 თუ 7 რეზოლუცია იყო საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული. ანუ პრაქტიკულად გაინადგურა თავისი სანდოობა და ხარისხი ევროპარლამენტმა.

რაც შეეხება იმას, რომ ხვალ კიდევ ერთი, მორიგი რეზოლუცია უნდა გამოაცხოს – აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპისვე ინსტიტუტები, ასევე, არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიო ინსტიტუტები და საერთაშორისო ორგანიზაციები – მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, სავალუტო ფონდი, საერთაშორისო ორგანიზაციები – ყოველკვირეულად იკვლევენ და აქვეყნებენ კვლევებს საქართველოსთან დაკავშირებით, მათ შორის, ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიის ხარისხთან, ეკონომიკის ზრდასთან, პოზიტიურ მოლოდინებთან, მთავრობის სანდოობასთან, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. სფერო არ რჩება, სადაც ყოველ კვირაში ერთხელ ან ორჯერ არ ქვეყნდებოდეს სტატისტიკები ევროპისვე ინსტიტუტების მიერ და იქ სულ საქართველო არის მოწინავე ადგილზე: ან ხუთეულშია, ან სამეულშია, ან საერთოდაც პირველ ადგილზეა. და ამის მიუხედავად, ამ ფონზე, როცა მაინც იღებ რეზოლუციას, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა, მახსენდება გამოთქმა ცნობილი ქართული ფილმიდან – „მაინც ამოვთხრიო“. აი, ამ ორმაგი სტანდარტების საფუძველზე, აღარავის აინტერესებს, რას ჩაწერს თავის რეზოლუციაში ევროპარლამენტი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.