რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი: “სრულიად მოულოდნელად საუბარი წარიმართა პოზიტიურად და ჩვენთვის ძალიან სასარგებლო შედეგით – რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება არსებულ ლოკაციაზე და მუშაობას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე  ახალი შენობა აშენდება”

276

“სრულიად მოულოდნელად საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად და ჩვენთვის ძალიან სასარგებლო შედეგით – რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება არსებულ ლოკაციაზე და მუშაობას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე ახალი შენობა აშენდება”, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსმა ნინო ოთარიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრსა და მედპერსონალს შორის შეხვედრის შემდეგ.

ექიმის თქმით, მათი არგუმენტაციის ძალიან დიდი ნაწილი გაითვალისწინეს.

„ძალიან მომზადებული ვიყავით არგუმენტაციის გასამყარებლად, მოტანილი გვქონდა აბსოლუტურად ყველა ექსპერტიზა და დოკუმენტი, რომელიც ჩვენ არგუმენტაციას გაამყარებდა და სრულიად მოულოდნელად საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის ძალიან სასარგებლო შედეგით. ჩვენი არგუმენტის ძალიან დიდი ნაწილი იქნა გათვალისწინებული, გადაწყდა, რომ ერთადერთი მრავალპროფილური კლინიკა თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება იმ ლოკაციაზე, რომელზეც არის და მუშაობას გააგრძელებს სანამ აშენდება უკანა მხარეს, ეზოში, როგორც ეს იყო 2007 წლის პროექტით გათვალისწინებული. აშენდება ახალი კლინიკა, რა თქმა უნდა, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ვინაიდან 2007 წლის წლის მერე საკმარისი დრო გავიდა. ამავე დროს, მოხდება იმ კორპუსის, იმ ნაწილის, რომელშიც დღეისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოა განთავსებული, მოდერნიზაცია იმისთვის, რომ გარდამავალ პერიოდში კლინიკამ შეძლოს სრული სერვისების მიწოდება პაციენტებისთვის. როდესაც ახალი შენობა აშენდება უკან, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი გადავა ახალ შენობაში. რა თქმა უნდა, ახალი პერსონალის დამატების საჭიროება იქნება. წინა ეზო, რომელიც დასანგრევად იყო განწირული უკვე საინვესტიციო მიზნებისთვის გამოვა”, – განაცხადა ნინო ოთარიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საავადმყოფოსთან დაკავშირებული პროცესი გაჩერდება. მისივე თქმით, რამდენიმე წელიწადში, შენობის უკანა ტერიტორიაზე აუცილებლად აშენდება ახალი საავადმყოფო, მანამდე კი, რესპუბლიკური საავადმყოფო ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას.