“თანაბარუფლებიანობა, პატიოსანი თამაშის წესები და თანაბარი პირობებია ის ურთიერთობა, რასაც საქართველო მოითხოვს ყველა პარტნიორისგან”

157

სახელმწიფოთა შორის პარტნიორული ურთიერთობების მაგალითად მიიჩნევს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებას.

გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მსჯელობენ საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე, ვიზების გამარტივებასა და სტრატეგიული პარტნიორობით ნაგულისხმევ სიკეთეებზე, რეალური პარტნიორობა გამოიხატება ასე: ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა დაუწესა.

სტრატეგიული პარტნიორობა წინაპირობებისა და ურთიერთობებში ჩადებული „ნაღმების” გარეშე ურთიერთობას ნიშნავს.

თანაბარუფლებიანობა, პატიოსანი თამაშის წესები და თანაბარი პირობებია ის ურთიერთობა, რასაც საქართველო მოითხოვს ყველა პარტნიორისგან. დანარჩენი ყველაფერი ლირიკაა!

P.S. წარსულს უნდა ჩაბარდეს საქართველოს მიმართ ის „ბატონყმური” ურთიერთობა, რომელსაც ზოგიერთი „უფროსი ძმა” მიეჩვია. ევროკავშირი დროულად მიხვდა და მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ჰოდა, ახლა სხვებიც უნდა გადავაჩვიოთ!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.