დავით ქართველიშვილი: „ჩინეთიდან ველოდებით ჩვენი ეკონომიკის გამაჯანსაღებელ საინვესტიციო ბუმს – აშშ-ს ჩვენს ეკონომიკაში, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ერთი ცენტი არ ჩაუდევს და აფინანსებს მხოლოდ ამ ხელისუფლების გადატრიალების პროექტებს“

169

“დიახ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებაზე – აშშ მსგავს გადაწყვეტილებას ვერ იღებს, მეტიც – უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, პროცენტულად, რუსეთის უფრო მეტ მოქალაქეს ჩაურტყეს ამერიკის ვიზები, ვიდრე ქართველებს“, – წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი.

„დიახ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საქართველოს გაფორმებული აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ხელშეკრულება – რაზეც აშშ ვერ მიდის და, დიდი ალბათობით, ვერც წავა. დიახ, ჩინეთიდან ველოდებით ჩვენი ეკონომიკის გამაჯანსაღებელ საინვესტიციო ბუმს. აშშ-ს ჩვენს ეკონომიკაში, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ერთი ცენტი არ ჩაუდევს. ის აფინანსებს მხოლოდ ამ ხელისუფლების გადატრიალების პროექტებს.

დიახ, ჩინეთთან პირდაპირი ავიარეისების არანაირი პრობლემა არ არსებობს; აშშ, ამ კომპონენტშიც კი, ამის ღირსად არ გვთვლის.

დიახ, ჩინეთმა განაცხადა თავის მზაობაზე, შუამავლის როლი ითამაშოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში. აშშ-ს ამ კუთხით, დეკლარაციის დონეზეც კი, ხმა არ ამოუღია – პირიქით, პერიოდულად, მათი დაქირავებული ლაქიების მხრიდან გვესმის მოწოდება: მოვიცილოთ ეს “ბალასტი” ევროპელებად და ამერიკელებად უფრო სწრაფად გადაქცევის მიზნით. ის, რომ მაშინ “ქართველების” წოდების მატარებლები აღარ ვიქნებით, არათუ არ ადარდებს აშშ-ს, – ის არის ქვეყანაში 20 წლის განმავლობაში მიმდინარე “ქართველობის გენოციდის” პროცესების ერთ-ერთი ძირითადი სპონსორი.

გამორიცხულია, ჩინეთმა თავისი პარტნიორების მიმართ მსგავსი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს. ეს არის მოკლე პასუხი, თუ რატომ შეხვდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჯერ ჩინეთის, ხოლო შემდეგ – აშშ-ის ელჩებს…” – წერს ქართველიშვილი.