“ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტი “სინამდვილეში” არასამთავრობო ორგანიზაციებს: „სამართლიანი არჩევნებს“ (ISFED) და „საქართველოს რეფორმების ასოციაციას” (GRASS) ამხელს და “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
“12 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციამ შეიმუშავა ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი. დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით რეკომენდაციების ავტორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) და „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS).
სინამდვილეში, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელება საქართველოს საარჩევნო ისტორიაში ყველაზე დამაზიანებელი დეზინფორმაციული კამპანია იყო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, მისი დონორიც იყო ჩართული. ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნის, სერგი კაპანაძის „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ პროექტი „ფაქტჩეკი“, რომელიც დეზინფორმაციის მხილებაში იღებს მილიონიან გრანტებს, ორი წლის განმავლობაში არ იმჩნევდა, რომ მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანია, ვითომდა სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, სრული დეზინფორმაცია იყო.
შეგახსენებთ, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე ენჯეოა, ხოლო თავად მისი ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე კი 2022 წლის ივნისში სხვა პოლიტიკურად მოტივირებული ენჯეოების ხელმძღვანელებთან ერთად მთავრობის გადადგომას და ახალი მთავრობის დაკომპლექტებაში ენჯეოებისთვის ვეტოს უფლებას ითხოვდა. „ფაქტჩეკი“ კი „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტის, სერგი კაპანაძის პროექტია. ორივე პროექტის ყოველწლიური დაფინანსება, ჯამში, დაახლოებით 5 მილიონი ლარია”,- აღნიშნულია “ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტის “ფეისბუკის” გვერდზე “სინამდვილეში”.


