გურამ მაჭარაშვილი: „საინტერესო იქნება საელჩოების პასუხი კითხვაზე, რატომ აფინანსებენ ლგბტ პროპაგანდას, როცა მათთვისაც ცნობილია, რომ ეს პროპაგანდა საქართველოს საზოგადოების, მინიმუმ, 90%-თვის მიუღებელია“

195

„საინტერესო იქნება იმ საელჩოებისა და ორგანიზაციების პოზიცია და პასუხი კითხვაზე, რატომ აფინანსებენ ლგბტ პროპაგანდას, როცა მათთვისაც ცნობილია, რომ ეს პროპაგანდა საქართველოს საზოგადოების, მინიმუმ, 90%-თვის მიუღებელია“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, რითაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ, ახალი წიგნის პრეზენტაციის ანონსს გამოეხმაურა, სახელწოდებით: „ცის ფერი ანუ ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”.

მაჭარაშვილის თქმით, წიგნის გარეკანიდან და სათაურის შინაარსიდან ადვილად მივხვდებით, რა მიზანი ამოძრავებთ ამ წიგნის ავტორებს და, რაც მთავარია, მის დამფინანსებლებს (ჰოლანდიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, გაერო-ს განვითარების პროგრამა).

„საქმე ისევ დეზინფორმაციასთან გვაქვს, რადგან პრეზენტაციის მესვეურები სიხარულით გვამცნობენ, რომ თურმე ქართულ ხელოვნებაში მრავლადაა ლგბტ პროპაგანდის მაგალითები, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ დეზინფორმაციის მიზანიც ხომ ის არის, რომ ტყუილი სიმართლედ მონათლონ. ამ შემთხვევაში, საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ლგბტ პროპაგანდა ბუნებრივი მოვლენაა და რომ საქართველო არ უნდა ჩამორჩეს ამ ვითომ ევროპულ და ვითომ ცივილიზებულ მიღწევას.

ამ ყველაფრის წამახალისებელი და მაგალითის მიმცემი, სამწუხაროდ, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ბრძანებაა, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიეცათ მითითება (რაც, პრაქტიკულად, ბრძანების ტოლფასია), რომ არ გამოიყენონ ისეთი სიტყვები, როგორიცაა: “დედა”, “მამა”, “ქალი”, “კაცი”. ასევე, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის განცხადება, რომ თურმე ტრანსგენდერის რძე დედის რძესავით შეერგება ბავშვს და ამ რძეზე გაზრდილ ბავშვს გეიპარადებში მიაღებინებენ მონაწილეობას.

თუ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას დავუჯერებთ (რომლებმაც ლგბტ წარმომადგენელთა პროპაგანდის გავრცელებასა და მათი უფლებების დაცვის მემორანდუმს სიხარულით და ამაყად მოაწერეს ხელი 2021 წელს), ასეთი თაობის გაზრდა და ასეთი მომავალი სურთ საქართველოში.

უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის ან ენჯეო სექტორის არც ერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბრძანებასა და ლგბტ პრაიდში ბავშვების მონაწილეობაზე, რაც მათ კოლონიალურ და მონურ ფსიქოლოგიაზე მეტყველებს (ამერიკაში თქვეს – ე.ი. ასეა საჭირო).

ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას. სწორად ინფორმირებული მოქალაქე დეზინფორმაციის მსხვერპლი არასდროს გახდება. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, ამ მასშტაბურ დეზინფორმაციას შეეწინააღმდეგოს, არის საზოგადოება, შესაბამისად, საზოგადოების ანუ ხალხის ძალა ყოველთვის უზრუნველყოფს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.