ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

126

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

როგორც საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

ამავე განცხადების თანახმად, ირაკლი კობახიძემ და პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული ვიზიტი და მაღალი დონის შეხვედრები შეაფასეს.

აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო მტკიცედ დგას ევროპულ გზაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ბრიუსელში გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოს შემდეგი პრიორიტეტი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა, რაზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, მათ შორის − ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების გზით.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩთან გაფართოების ანგარიშში მოცემული პრიორიტეტების შესრულების დინამიკა განიხილა.