კონსერვატიული გაერთიანება „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულისა და ბრალდებულის, ყოფილი გენერალური პროკურორის – ზურაბ ადეიშვილის გერმანიის ბუნდესტაგში ვიზიტს ეხმაურება.
“გასული წლის 23 სექტემბერს, კანადის პარლამენტში დიდი პატივით მიიღეს და მხურვალე აპლოდისმენტები მიუძღვნეს ნაცისტური არმიის ოფიცერს, წარმოშობით უკრაინელ იაროსლავ ჰუნკას. ამ სამარცხვინო ფაქტს დიდი მღელვარება მოჰყვა, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, ტრუდოს კი, ბოდიშის მოხდა მოუწია.
მიმდინარე წლის 28 თებერვალს, გერმანიის პარლამენტში საპატიო სტუმრის რანგში ვიხილეთ ქართველი ხალხის მწამებელი, ბიზნესის რეკეტიორი, მედიის მიმტაცებელი და სააკაშვილის მოძალადე რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი ზურაბ ადეიშვილი.
სისხლიანი დამნაშავე, რომელიც ოთხ საქმეზე მსჯავრდებულია, სამზე კი – ბრალდებული და მასზე ძებნაა გამოცხადებული. მიუხედავად ამისა, ის დღეს უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია და ამ სტატუსით ხშირად სტუმრობს ევროკავშირის სტრუქტურებს, ოფიციალურ პირებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობაზეც იძლევა კონსულტაციებს.
უკრაინისგან აღარაფერი გვიკვირს – თუ ვინმე მწამებელი და მანიაკი იყო, ყველა შეიფარეს და მაღალ თანამდებობებზე დანიშნეს. სააკაშვილი, ლორთქიფანიძე, საყვარელიძე, ადეიშვილი… თანაც, ეს ხდება რამდენიმე ხელისუფლების პირობებში. რატომღაც, ასეთ ქვეყანას საქართველოს მოძმე სახელმწიფოდ იხსენიებენ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ უკრაინა არის მტრულად განწყობილი ქვეყანა, რომელიც შეურაცხყოფას გვაყენებს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს; შეურაცხყოფას აყენებს მის მართლმსაჯულებას და მთლიანად, ქართველ ხალხს, ვის სისხლშიც აქვთ ამ დამნაშავეებს ხელები გასვრილი.
მაგრამ უკრაინასთან ერთად, ევროკავშირი და გაერთიანების ცალკეული ქვეყნებიც ფეხქვეშ თელავენ კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფოს მართლმსაჯულებას და არაფრად მიიჩნევენ მის მოსახლეობას! სხვანაირად ვერ შეფასდება ის, რომ უმძიმეს დანაშაულებზე მსჯავრდებულ, ძებნილ ადეიშვილს მოლაპარაკების მაგიდასთან პირისპირ უსხედან და გარკვეულ საკითხებს განიხილავენ!
გერმანელებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ახლო წინაპრებს – გებელსსა და ჰეიდრიხსაც კი გააოცებდათ წამებისა და სისასტიკის ის ფორმები, რაც ადეიშვილმა გამოიყენა ქართველი ხალხის მიმართ!!!!!
საკმარისზე მეტი “გავატარეთ” და კმარა ეს ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები!!! როგორც მინიმუმ, უნდა აღიარონ, რომ ეს იყო დიდი შეცდომა და ბოდიში უნდა მოუხადონ საქართველოს!!!” – წერს ვატო შაქარიშვილი “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე.


