შალვა პაპუაშვილი: “როდესაც მაგალითად გვისახავენ უკრაინასა და მოლდოვას, ევროკავშირის მიმართ ჩვენი კითხვა არის მარტივი: ადეიშვილისა და ნონა წოწორიას ჩატარებული „ვეტინგია“ ჩვენთვის მაგალითი? ამისკენ მოგვიწოდებენ?”

100

“ზურაბ ადეიშვილია ის ადამიანი, ვინც უკრაინაში ატარებს „ვეტინგებს“; მისი მოადგილეა ის, ვინც მოლდოვაში ატარებს ასეთ „ვეტინგებს“ და, როდესაც ჩვენ მაგალითად გვისახავენ უკრაინასა და მოლდოვას, ჩვენი კითხვა არის მარტივი ევროკავშირის მიმართ: ადეიშვილისა და ნონა წოწორიას ჩატარებული „ვეტინგია“ ჩვენთვის მაგალითი? ამისკენ მოგვიწოდებენ?” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მსჯავრდებული და ბრალდებული ზურაბ ადეიშვილის ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, ადეიშვილთან ბრიუსელში გამართული შეხვედრების შესახებ სასწრაფო განმარტებებია საჭირო.

„სხვათა შორის, ზურაბ ადეიშვილს, თავის დროზე, “ვეტინგი” ჩატარებული აქვს საქართველოში როგორც გენპროკურორს, რომელიც მართავდა ყველანაირ ასეთი სახის ღონისძიებას და გახსოვთ, მაშინ გაყარეს მოსამართლეები, ისე, რომ სასამართლოებს აუქმებდნენ და შემდეგ ზოგს აშინებდნენ და ზეწოლა იყო უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებზე, რომ დაეტოვებინათ თანამდებობები. და ჰკითხეთ იმ მოსამართლეებს, რომლებსაც შემდეგ სტრასბურგში ჰქონდათ გასაჩივრებული ეს საკითხი.

ამიტომ, სასწრაფოდ სჭირდება განმარტება ამ საკითხს, ვინაიდან საქმე ეხება ევროკომისიის სხვადასხვა ჩინოვნიკის სიტყვების დამაჯერებლობას. როდესაც ხვდები ადეიშვილს და ესაუბრები მართლმსაჯულებაზე, შემდეგ, ასეთი ადამიანების სიტყვები საქართველოს მიმართ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, აღარ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორიც უნდა იყოს.

თუკი რაიმე არის ანტიევროპული პროპაგანდის თუ დისკრედიტაციის ნაწილი, არის სწორედ ასეთი საქციელები ზოგიერთი ჩინოვნიკისა, რომლებიც, თავიანთი დაუდევრობით… და იმედია, განმარტებები იქნება და აღმოჩნდება, რომ, უბრალოდ, არ იცოდა ვიღაცამ და წინდაუხედავად მოხდა ეს შეხვედრები, ან თავისი განზრახვით და ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს უპატივცემულობით ხვდება საქართველოს მხრიდან სანქცირებულ ადამიანს.

ერთ რამესაც გავუსვამ ხაზს: ზურაბ ადეიშვილს, ჯამში, 18 წელი აქვს მისჯილი. ის არის არა, უბრალოდ, პოლიტიკურად სანქციის ქვეშ მყოფი ადამიანი საქართველოსგან, არამედ სასამართლოს სტანდარტით სანქცირებული ადამიანი, რომლის სასჯელის აღსრულებასაც ელის ქართველი ხალხი და, როდესაც საქართველოს მხრიდან სანქცირებული ადამიანი შემდეგ ასეთი ფოტოებით გაირკვევა, რომ არის ხან ბუნდესტაგში და ზის კომიტეტის სხდომაზე, ხან ევროკომისიაში ზის მაღალი მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის აღმაშფოთებელი. ჩვენ პირნათლად ვიცავთ სანქციებს, რომელსაც ევროკავშირი ან სხვა ქვეყნები აწესებენ და უზრუნველვყოფთ, რომ მათი გვერდის ავლა არ მოხდეს. როგორც ჩანს, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში გვერდს უვლიან საქართველოს მიერ დაწესებულ სასამართლო სანქციებს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.