“ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დეზინფორმაციის მძლავრი ტალღის შედეგად შეცდომაში შეყვანილი ქართული საზოგადოება აამხედრეს იმ კანონის წინააღმდეგ, რაც ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქმედებს და რასაც დღეს ევროკავშირი იღებს”, – წერს “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა უცხოელი აგენტების შესახებ გამოაშკარავა არაერთი ფაქტი, რომელიც საზოგადოებამ ნათლად დაინახა.
“სამწუხაროდ, ამერიკული კანონის წინააღმდეგ ამ მძლავრ დეზინფორმაციულ კამპანიას სათავეში თავად ამერიკის ყოფილი ელჩი ედგა.
რა მოხდა ერთი წლის წინ? რატომ დასჭირდათ ასეთი მასშტაბური დეზინფორმაცია? რისი შეეშინდათ და რისი გამხელა არ სურდათ ქართველი ხალხისთვის? ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხები, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თავად ფაქტებმა გასცა.
ალბათ, ქართულ საპარლამენტო ისტორიას ძნელად თუ მოეპოვება მსგავსი ფაქტი, როდესაც კანონპროექტს უფრო მეტი გაეკეთებინოს, ვიდრე კანონს. ჩვენი სიმართლე საზოგადოებამ ფაქტებით დაიჯერა: გამოაშკარავდა არაერთი მტკიცებულება, როდესაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან მათივე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც ფინანსდებიან უცხოური ფულით. ასევე, გამოვლინდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული არაერთი პროექტი, სადაც ახალგაზრდებს ხელისუფლების წინააღმდეგ რევოლუციონერებად წვრთნიან. რომ არა ამერიკული FARA, ჩვენ ვერ გავიგებდით იმას, თუ რა თანხას ხარჯავენ სააკაშვილის ოჯახი და ტელეკომპანია “ფორმულა” უცხოელ ლობისტებში, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.
დეზინფრომაცია არის მტრობის სტიმულირება. სწორედ მტრობაზე დაფუძნებული რევოლუციის მოწყობა სურდათ შარშან, რაც არ გამოუვიდათ. არა მარტო ქართველმა საზოგადოებამ, არამედ, მსოფლიომ დაინახა, თუ ვინ არის ნამდვილად ევროპული აზროვნების, ვის სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ვის მიჰყავს საქართველო პროგრესისკენ. ოპოზიციას ნაცარში ჩაუვარდა შარშანდელი რევოლუციის მცდელობაც, სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლაც და ქართველი ხალხის მოტყუებაც. ამ ერთმა წელმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ დეზინფორმაციის აღმოფხვრის ერთადერთი საშუალებაა გამჭირვალობა. ჩვენც არ დავიშურებთ ენერგიას, რათა ყველა სიყალბეს თავისი სახელი დავარქვათ”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.


