„პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყველას უფლება იყოს დაცული ამ ქვეყანაში და ეს პროექტი, რომელიც დამუშავდება, არავის ღირსებასა და უფლებებს არ უნდა ლახავდეს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ დასმული კითხვის საპასუხოდ.
„როდესაც ამ [ლგბტ პროპაგანდის] თემას ვეხებით, ძალიან სწორი გზავნილები უნდა გავაჟღეროთ და, მეორე მხრივ, ზუსტად უნდა დამუშავდეს კანონმდებლობა, რომელზეც უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა დაახლოებით ერთი კვირის წინ – იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუციით ყველას გარანტირებული აქვს თავისი იდენტობის თავისუფლება“, – აღნიშნა დავითულიანმა.
კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის შემუშავებაში, დავითულიანი აღნიშნავს, რომ დიდი იმედი არ აქვს, თუმცა სასურველია, ყველა ჩაერთოს.
“შემუშავდეს იმ ტიპის კანონპროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, ყველა ჩვენი მოქალაქის თავისუფლებასა და უფლებებს დაიცავს, მიუხედავად მათი იდენტობისა, და მეორე მხრივ, დავიცვათ მომავალი თაობები იმისგან, რა ტენდენციასაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში ვხედავთ. აქ უნდა გავიაროთ ზღვარზე. ეს არის და ეს. რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას, შეთავაზებულია. ვისურვებდი, ვისაც ამ თემებზე მუშაობის გამოცდილება აქვს, ჩაერთონ, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს“, – აღნიშნა დავითულიანმა.


