პაველ ჰერჩინსკისა და პეტერ ფიშერს, ევროკავშირსა და გერმანიაში ვიზიტებსა და შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო, ქართული მხარის შეშფოთება ოფიციალურად გადაეცათ

96

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან – პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან – პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა. ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ელჩებს განემარტათ, რომ ზურაბ ადეიშვილი გახმაურებულ საქმეებზე დამნაშავედ არის ცნობილი და სამწუხარო ფაქტია, რომ პირი, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები მიმართული იყო დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო პრინციპების წინააღმდეგ, ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალურ ფორმატებში იღებს მონაწილეობას. როგორც სამინისტრო აღნიშნავს, ეს ქართველ საზოგადოებაში სამართლიან შეშფოთებას იწვევს და ხელს არ უწყობს ანტიდასავლური განწყობების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ეფექტიანობას.