თამთა მეგრელიშვილი: “ნარკომანია არ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანების პრობლემა, – ეს დაავადება კომპლექსურია. ყინული დაძრულია და ამ პრობლემის ირგვლივ სახელმწიფო პოლიტიკა, ძალიან მალე, ხელშესახები შედეგებით განისაზღვრება”

109

„პრემიერ-მინისტრის პოზიცია და ხედვა ამ პრობლემის მოგვარებაზე მკაფიოდ ჩამოყალიბებულია. მისი ინიციატივით, შესაბამის სამინისტროებს უკვე დაევალათ ამ საკითხის გადასაწყვეტად ერთიანი გეგმის შემუშავება.

ყინული დაძრულია და ამ პრობლემის ირგვლივ სახელმწიფო პოლიტიკა, ძალიან მალე, ხელშესახები შედეგებით განისაზღვრება,” – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების მიმართ საჭიროა ზრუნვა, თუმცა ნარკორეალიზატორების მიმართ – მაქსიმალური სიმკაცრე.

„ნარკოტიკების მოხმარება, ხშირად, ან ინტერესის გამო, ან მიმბაძველობით იწყება. ადამიანები, სამწუხაროდ, იშვიათად იაზრებენ, თუ რა ნეგატიური ზეგავლენა აქვს ამა თუ იმ ნარკოტიკულ საშუალებას მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, სოციალურ გარემოზე და ზოგადად, მთელ ცხოვრებაზე. მათ ჰგონიათ, რომ ადვილად შეძლებენ ამ ნივთიერებების მოხმარებაზე უარის თქმას. თუმცა, რაც დრო გადის, ისინი ამ მომაკვდინებელ ნივთიერებებზე კიდევ უფრო დამოკიდებულნი რჩებიან.

ნარკოდამოკიდებულ ადამიანს უყალიბდება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური დაუძლეველი ლტოლვა ფსიქოაქტიური ნივთიერებისადმი, რაც აუარესებს მისი ცხოვრების ხარისხს. შესაბამისად, ნარკომანია არ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანების პრობლემა, – ეს დაავადება კომპლექსურია და მისი დაძლევის სირთულე სწორედ მისი უარყოფითი ზემოქმედების ფარგლებია, რომელიც, ხშირად, დანაშაულის ჩადენის, ანტისაზოგადოებრივი და არაჯანსაღი დამოკიდებულებისა და აზროვნების, და სოციალური ნგრევის პროცესში აისახება “, – წერს მეგრელიშვილი.