“ბოლო დროს მონური ფსიქიკის ადამიანები მომრავლდნენ როგორც ქართულ პოლიტიკაში, ისე ტელესივრცეში, გარკვეულ არასამთავრობოებზე ხომ, საერთოდ, ლაპარაკიც ზედმეტია, – გრანტის მიმცემი თუ დამფინანსებელი ლამის რელიგიური ქურუმის რანგში ჰყავთ აყვანილი”, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე, რითაც ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას: “თუ ვამბობთ, რომ ჩვენ პირში ვეუბნებით სიმართლეს ჩვენს მეგობრებს, ეს ანტიდასავლურობაა და ადეიშვილის გადაადგილება – დასავლურობა?”
“ვაიმე, ამერიკელზე, ვაიმე, ევროპელზე რამე კრიტიკული არ წამოგცდეს, თორემ ანტიდასავლური იარლიყი მოწებებული გაქვს… ახლა, უკრაინის კორუმპირებულ პოლიტიკურ ელიტაზე თუ თქვი რამე, ხომ ლამის არის, პუტინის ბიძაშვილობა დაგაბრალონ.
მოყვარეს პირში უძრახეო, – გვითხრა დიდმა ილიამ და მაგალითად გადაგვარებული ქართველები – ლუარსაბი და დარეჯანი წარმოგვიჩინა! სწორედ გადაგვარებულებს ემსგავსება ყველა, ვინც მხოლოდ საკუთარი მუცლის ამოყორვაზე ფიქრობს; ვინც, დიდ აკაკის დავესესხები – უცხოელებისთვის დაუმორჩილებლობაზე „გაგონილაოს“ გაჰკივიან.
დიახაც, ყველამ: ამერიკელმაც, ევროპელმაც, კორეელმაც, რუსმაც და უკრაინელმაც უნდა შეიგნონ – „პირში ძრახვა“ არავისზე მოგვერიდება, ხოლო გადაგვარებული ქართველების „გაგონილათი“ ვიშვიშით ვერავის შეაშინებენ”, – წერს ნიკოლეიშვილი.


