რუსთაველის თეატრის მსახიობი ზუკა პაპუაშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.
„ეს რა მიდგომაა?! ვისაც რა უნდა, როგორც უნდა, იმას იძახის. ცუდია თუ კარგია, არ იცის, მაგრამ მას ასე უთხრეს და ამიტომ ცუდია! ვინც ეს უთხრა, იმას ვიღაც მხარდამჭერი ჰყავს ევროპიდან თუ ამერიკიდან. ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ისინი ჩვენ ქვეყნად არ აღგვიქვამენ; მათ რუკაზე საქართველო არ წერია. მათ აღქმაში ჩიხი ნომერი 12/8 ვართ თუ რა ხდება?! ისე გვიყურებენ, როგორც რაღაც გზატკეცილი… ჩვენ რა კანონსაც მივიღებთ, თქვენთვის არ შეიძლებაო! ეს მათი ორღობე ხომ არ არის?! რას ჰქვია, კანონი მათთან არის და ჩვენთან არ უნდა იყოს?! თქვენთვის არ შეიძლება იმიტომ, რომ “გლახაა”, – ეს რა არგუმენტია?!
გაწერილი სცენარით მოქმედებენ და ზოგიერთ მსახიობსაც შეხვდა თავისი როლი! სცენიდან იკივლა ერთმა: “არა რუსულ კანონს”… ვინ ხარ?! რა გაგიკეთებია?! ჭკუა რომ დამარიგო, ჯერ შენს აზრს უნდა ჰქონდეს ფასი, რომ მერე სხვამაც მოგისმინოს! როცა მართლა სისხლიანი რეჟიმი იყო, მაშინ სცენიდან კი არა, სცენის ქვემოდანაც არ გაგვიგია იმათი ხმა, ვინც დღეს მგზნებარე ლოზუნგებს გაჰყვირის…
თავიანთმა ტელევიზიებმა ატეხეს ქარიშხალი, – მსახიობების პროტესტიო…. ვინ მსახიობების?! ვინ მოგცათ ჩვენი სახელით ლაპარაკის უფლება?!
მე ასე ვფიქრობ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეს, ზუკა პაპუაშვილს მაქვს უფლება, ვიცოდე, რა ფული შემოდის ქვეყანაში და რაში იხარჯება!“ – აცხადებს პაპუაშვილი.


