გიორგი აბდალაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვა: “არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება”

202

“დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სამსახური”, – წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება.

“ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და, ამასთანავე, სამართლიანი გადაწყვეტილება. ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, რომელიც სამშობლოს ემსახურება“, – წერს გიორგი აბდალაძე “ფეისბუკის” გვერდზე.

ცნობისთვის: გიორგი აბდალაძე ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფოტორეპორტიორად მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა, დოკუმენტზე ჯერ ხელი არ მოუწერია.

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება გრიგორიადისს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა.