ანრი ოხანაშვილი: “რა თქმა უნდა, განსხვავებული ცხოვრების წესი არ არის შეზღუდული, თუმცა მიგვაჩნია, რომ ლგბტ საკითხების პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში აკრძალული უნდა იყოს”

100

„ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებას მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივ რეგულირებასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„მოგეხსენებათ, დღეს ვიწყებთ საყოველთაო- სახალხო განხილვებს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ. იცით, რომ საკითხი უკავშირდება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საკითხს. ვიწყებთ დასავლეთ საქართველოთი, ვიწყებთ ქუთაისით. მთელი კვირის განმავლობაში მოვივლით ყველა შესაბამის ქალაქს და ჩვენს საზოგადოებას მივაწვდით მაქსიმალურ ინფორმაციას.

სამწუხაროა, რომ ოპოზიციის მთელმა რიგმა წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ამ განხილვას. ეს მიანიშნებს მათ ღირებულებებზე, იმაზე, რომ მათ საზოგადოებისთვის სათქმელი ბევრი არ აქვთ, თუმცა ჩვენ ჩვენს ხალხთან ერთად უზრუნველვყოფთ იმას, რომ ეს საკითხები იყოს მაქსიმალურად გაშლილი, – რომ ლგბტ პროპაგანდა არის მიუღებელი.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ვინმეს უფლებაში უხეშად ჩარევას და ვინმეს უფლების შეზღუდვას. განსხვავებული ცხოვრების წესი არ არის შეზღუდული, თუმცა მიგვაჩნია, რომ ლგბტ საკითხების პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში აკრძალული უნდა იყოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.