ბიზნესმენი დიმიტრი ნაფეტვარიძე: “კანონის ძირითადი იდეა არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რის გარეშეც დემოკრატია ვერ იქნება ძლიერი და რეალური ვერსად – ვერც თბილისში, ვერც ბრიუსელში ან ვაშინგტონში. როგორც ბიზნესმენი, მხარს ვუჭერ გამჭვირვალობას”

90

ბიზნესმენი დიმიტრი ნაფეტვარიძე “ფეისბუკის” გვერდზე გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“მინდა გამოვეხმაურო პარლამენტში ინიციირებულ კანონს და მის გარშემო მიმდინარე პროცესებს.
ჩანს, რომ კანონის მოწინააღმდეგეთა მხრიდან არის მცდელობა, კლიშეებითა და ლოზუნგებით მოხდეს მსჯელობის ჩახშობა, არგუმენტებისთვის სივრცის დახურვა – მაშინ, როდესაც ევროპა, პირველ რიგში, ჯანსაღი დისკუსია და ერთმანეთის მოსაზრებების მოსმენაა”, – წერს ბიზნესმენი, “შპს ოკკასიო ნოვას” დირექტორი დიმიტრი ნაფეტვარიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, კანონის ძირითადი იდეა გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულებაა, რის გარეშეც დემოკრატია ძლიერი ვერსად იქნება. ბიზნესმენის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია უმთავრესი მონაპოვრის – მშვიდობისა და სტაბილური განვითარების დაცვა.

ნაფეტვარიძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ დღეს საქართველოში, სახელმწიფოს მხრიდან რეკეტისა და ფინანსური სადამსჯელო ოპერაციებისგან დაცულ გარემოში, შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობა.

“თუ ჩვენს პოზიციებს რაციონალური ნიადაგი გამოეცლება და მხოლოდ სიძულვილი დარჩება, ეს ხელს შეუწყობს ნგრევას.
მეორე და მთავარი – კანონის ძირითადი იდეა არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რის გარეშეც დემოკრატია ვერ იქნება ძლიერი და რეალური ვერსად – ვერც თბილისში, ვერც ბრიუსელში ან ვაშინგტონში.

როგორც ბიზნესმენი, მხარს ვუჭერ გამჭვირვალობას. მიმაჩნია, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, თუ რა რესურსები და ინტერესები მონაწილეობს მათი ქვეყნის პოლიტიკაში. ინფორმირებული მოქალაქეები უფრო სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ.

და მესამე – ვეთანხმები აქამდე გაკეთებულ არაერთგზის შეფასებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, – რომ საქართველო მიდის სწორი მიმართულებით. როგორც ბიზნესმენს, მიმაჩნია, რომ დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და საკუთრების უფლება ქვეყანაში დაცულია.

მიმდინარე დროში ყველა ვადევნებთ თვალს მსოფლიოში დიდ გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ ძვრებს, რაც ასევე მეტანარატივთა შეტაკების პარალელურად მიმდინარეობს, და რომლის შედეგად სამყარო აღარ იქნება უწინდელი. მხოლოდ ერთობით, ეროვნული და პროგრესული ძალების მობილიზებით, მუხლჩაუხრელი შრომით შევძლებთ ამ გამოწვევებთან გამკლავებას და ახალი რეალობის ჩვენს სასიკეთოდ გამოყენებას.

ევროპული სივრცე ჩვენი ისტორიული არჩევანი და გარდაუვალი სამყოფელია. აუცილებელია ევროპაში დაგროვებულ ცოდნასთან ზიარება, ფინანსებთან წვდომა, შრომისა და საქმის წარმოების მათეული გამოცდილების გაზიარება. გარდა ამისა, ყველას მოგეხსენებათ, ევროპა, პირველ რიგში, არის იდეა, ღირებულებათა სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების პატივისცემას, სხვისი სიცოცხლის, თავისუფლების, ქონების ხელშეუხებლობას, საწინააღმდეგო აზრის პატივისცემას გულისხმობს. ევროპისკენ სავალ გზაზე მშვიდობა და გონიერება გვჭირდება.

ჩემთვის, როგორც ბიზნესმენისთვის და მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი უმთავრესი მონაპოვრის – მშვიდობისა და სტაბილური განვითარების დაცვა და მოფრთხილება. საქართველოში დღეს შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობა სახელმწიფოს მხრიდან რეკეტისა და ფინანსური სადამსჯელო ოპერაციებისგან დაცულ გარემოში.

მივესალმები პრემიერ- მინისტრის ინიციატივებს ახალი ტენოლოგიების დანერგვის თაობაზე – მეტი პროგრესი დაგვეხმარება ეკონომიკის გაზრდასა და კიდევ უფრო გაჯანსაღებაში. წარმატებები საქართველოს!” – წერს დიმიტრი ნაფეტვარიძე.