“ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ისტორიული პროექტის მნიშვნელობას – ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობას, რაც ასე მნიშვნელოვანია და ისტორიულად მოსდევს ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით.
„ზოგადად, ასეთი მნიშვნელობის პროექტები, როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკას, როდესაც საქმე ეხება დაკავშირებადობას (და არა მხოლოდ დაკავშირებადობას), ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ პროექტის დაანონსებისთანავე, როდესაც ჯერ მარტო პროექტირებაზე იყო საუბარი, ყველა ვაცნობიერებდით, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ევროპისთვის. რომ გითხრათ, მოულოდნელი იყო – მოგატყუებთ, იმიტომ, რომ დაანონსების დღიდანვე ვიცოდით, რაოდენ მნიშვნელოვანი იქნება ეს პროექტი. მოსალოდნელიც იყო, რომ მას მიენიჭებოდა პრიორიტეტული პროექტის სტატუსი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ჩაივლის ისე ღირსეულად, როგორც ეკადრება ამ პროექტს თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის: ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა.


