„უნგრეთში რევოლუციური ცვლილებების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს არც ევროკავშირს და არც იმ ქართველ ვაი პოლიტიკოსებსა და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ორბანის დამარცხებით არიან გახარებულები“ – პეტრე მამრაძე

15

„თუ ევროკავშირში ფიქრობენ, რომ უნგრეთში რევოლუციური ცვლილებები მოხდება, ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებულია. ამგვარი მოლოდინი არც საქართველოში უნდა ჰქონდეთ იმ ვაი პოლიტიკოსებსა და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ორბანის დამარცხებით არიან გახარებულები“ – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, პეტრე მამრაძემ, გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ უნგრეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

„ევროპელი ექსპერტები, მათ შორის უნგრელებიც, პირდაპირ წერენ, რომ ეს არის „ძველი ახალი ხელისუფლება“ და არსებითად არაფერი შეიცვლება. „ჩვენ მივიღებთ უფრო აკურატულ ორბანს,“ – აღნიშნავენ ისინი. ამას იმით ხსნიან, რომ პეტრ მადიარი და მისი თანამოაზრეები, რომლებიც ხელისუფლებაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდნენ, ვიქტორ ორბანის პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან. მართალია, ისინი პარტიას გამოეყვნენ, თუმცა ეს ყოველგვარი დაპირისპირებისა და კონფლიქტის გარეშე მოხდა.

საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში გაჩნდა ნიშნები, თითქოს ორბანი ისე აღარ ზრუნავდა ხალხის კეთილდღეობაზე, როგორც ადრე, და შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად შეილახა საშუალო ფენის მდგომარეობა ქვეყანაში. სულ უფრო ხშირად ისმოდა საუბრები ნეპოტიზმისა და კორუფციის ნიშნებზე. სწორედ ამ ფონზე ამ ახალგაზრდებმა შეძლეს ორბანის პარტიისგან გამოყოფა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში არც მადიარს და არც მის გუნდს არ ჰქონიათ ლოზუნგები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ორბანის პარტიის ძირითად მიმართულებებს – მაგალითად, ოჯახურ ფასეულობებს. არჩევნების წინ გამართულ ბოლო მიტინგზე მადიარმა განაცხადა, რომ ბედნიერია ისეთ ქვეყანაში ცხოვრებით, სადაც დედა ქალია და მამა – მამაკაცი, რაც, რა თქმა უნდა, ევროკავშირისთვის სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევა.

ამას ემატება მიგრაციული პოლიტიკაც, რომელზეც მადიარმა საარჩევნო კამპანიის დროს არაერთი ხისტი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიგრანტებთან მიმართებით აუცილებელია მკაცრი პოლიტიკის გატარება და ეფექტიანი კონტროლი. ასევე მკაცრ პოზიციას იკავებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხშიც. გარდა ამისა, მისთვის ერთგვარ პოსტულატად რჩება ისიც, რომ რუსული ენერგეტიკის გარეშე ქვეყნის ფუნქციონირება რთულია, ამიტომ ამ მიმართულებით მზად არის მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული კონსტრუქციული თანამშრომლობა ორბანსა და მადიარს შორის. შესაბამისად, თუ ევროკავშირში ფიქრობენ, რომ უნგრეთში რევოლუციური ცვლილებები მოხდება, ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებულია. ამგვარი მოლოდინი არც საქართველოში უნდა ჰქონდეთ იმ ვაი პოლიტიკოსებსა და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ორბანის დამარცხებით არიან გახარებულები“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.