„ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ უნგრეთი და უნგრელი ხალხი საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობარია. ვინც არ უნდა წარმოადგენდეს უნგრეთს, დარწმუნებული ვარ, ბოლომდე დარჩება საკუთარი ქვეყნის ინტერესების დამცველი. შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სრულად შეესაბამება ჩვენი ხალხებისა და სახელმწიფოების ინტერესებს. მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვის აირჩევს უნგრელი ხალხი, ჩვენ პატივს ვცემთ მათ არჩევანს და იმავეს მოვითხოვდით ჩვენი ქვეყნის მიმართაც“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ოპოზიციის მცდელობა, რომ რაღაცნაირად „მიეწებოს“ უნგრეთში მიმდინარე პროცესებს, აბსურდული და სრულიად არარელევანტურია. მაშინ, როცა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 74%-ზე მეტი იყო და გამარჯვებულმა პარტიამ მაღალი შედეგი აჩვენა, ქართული ოპოზიცია, რომელსაც მსგავსი მხარდაჭერის მესამედიც კი არ გააჩნია, ცდილობს პარალელის გავლებას საკუთარ თავსა და უნგრეთის გამარჯვებულ ძალას შორის. ამიტომ ასეთი შედარება სრულიად არარელევანტურია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მუდმივად ცდილობს ხელოვნურად „მიეწებოს“ სხვადასხვა პროცესს. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო მათი მხრიდან „სიყვარულის გამოხატვა“ პატრიარქის მიმართ მისი გარდაცვალების დღეებში, არადა საზოგადოებას კარგად ახსოვს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, მათი ტელევიზიების, სპიკერების, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები და ქმედებები, თუ როგორ ილაშქრებდნენ პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ.
ამ მაგალითით იმის ხაზგასმა მინდა, რომ ისინი ცდილობენ დაუკავშირდნენ მნიშვნელოვან და დრამატულ პროცესებს – სრულიად ხელოვნურად და არაადეკვატურად. თუმცა ამ შემთხვევაში მათ არ გაუმართლათ, რადგან უკვე მოვისმინეთ უნგრეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ იგი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაგრძელებას.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთში ოპოზიციამ გაიმარჯვა, მისი ლიდერს აქვს ფაქტობრივად იდენტური პოლიტიკური პლატფორმა, რაც ვიქტორ ორბანის პარტიას ჰქონდა და თავადაც ამ პოლიტიკური ძალის წიაღიდან არის წარმოშობილი.
შესაბამისად, ჩვენ დიდწილად კვლავ ვიზიარებთ იმ ძირითად იდეოლოგიურ პლატფორმას, რაც აქამდეც გვაკავშირებდა უნგრეთთან – კონსერვატიულ შეხედულებებს, ტრადიციულ ღირებულებებს, სუვერენიტეტს, ხალხის ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკასა და პრაგმატულ საგარეო კურსს.
აქედან გამომდინარე, უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალისა და მისი ლიდერების განცხადებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ უნგრეთი საქართველოს მეგობრად რჩება. ჩვენს ქვეყნებს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აერთიანებს, მათ შორის შავი ზღვის ელექტროკაბელი — უმსხვილესი და სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროკავშირმა და ევროსაბჭომ ორმხრივი მნიშვნელობის პროექტად აღიარეს.
ეს ყველაფერი ქმნის იმ ძლიერ ერთობას, რომელიც უნგრეთთან გვქონდა და მომავალშიც გვექნება. მადლობა მინდა გადავუხადო ვიქტორ ორბანს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ გაწეული მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებული თანამშრომლობა გაგრძელდება უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან და გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალასთანაც.
ჩვენ მზად ვართ პატივი ვცეთ უნგრელი ხალხის არჩევანს, ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ, დანარჩენს კი დრო თავად გვიჩვენებს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.


