„ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს, ეფექტიანად გააკრიტიკოს ხელისუფლება. მათ ამისთვის არ გააჩნიათ არც რეპუტაციული, არც ინტელექტუალური და არც ფაქტობრივი რესურსი – განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება სტატისტიკა და რეიტინგები საქართველოს წინსვლის შესახებ სხვადასხვა მიმართულებით: ეკონომიკაში, დემოკრატიის ხარისხში, კეთილდღეობასა და სხვა სფეროებში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ატლანტიკური საბჭოს კვლევების მიხედვით, საქართველო ბოლო ათი წლის განმავლობაში კეთილდღეობის ინდექსის ზრდის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა უკვე განვითარების უმაღლეს ეტაპზეა, თუმცა როდესაც ტენდენცია მკვეთრად პოზიტიურია და ამას ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციაც აღიარებს, ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მომავალში შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ეს ეკონომიკური ზრდა რეალურად აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. ამისთვის ძალიან ბევრს ვაკეთებთ და უპირველესად ვინარჩუნებთ მშვიდობას, შესაძლოა ვიღაცას ეს ტრაფარეტულად ეჩვენებოდეს, ვიღაცისთვის ეს საქილიკო თემა იყოს, თუმცა მიმდინარე გლობალურმა დაძაბულობამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რამდენად სწორი იყო ეს არჩევანი. ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი შეიძლება ქვეყნისთვის მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს და საქართველო ჩაერთოს ფართო მასშტაბის კონფლიქტურ პროცესებში, რომელსაც დასასრული არ უჩანს. ეს კი გამოიწვევდა არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, არამედ ეკონომიკურ და სისტემურ კრიზისსაც.
მითუმეტეს, რომ დღეს უკვე აშკარად ჩანს, რა მასშტაბის ნეგატიური გავლენა აქვს გლობალურ პროცესებს მსოფლიო ეკონომიკაზე. ეს პირდაპირ აისახება ნავთობის ფასებზე და, შესაბამისად, სხვადასხვა პროდუქტის ღირებულებაზე. ბარელ ნავთობზე ფასი უკვე 100 დოლარს აჭარბებს და ამ ტენდენციის დასრულებას ჯერჯერობით არ უნდა ველოდოთ.
საქართველოს ეკონომიკაც ბუნებრივად მგრძნობიარეა ამ პროცესების მიმართ. არ გვაქვს ილუზია, რომ გლობალური მოვლენები ჩვენს ქვეყანაზე გავლენას არ მოახდენს. პირიქით, ჩვენი ფასწარმოქმნა საკმაოდ სენსიტიურია, ხოლო ნავთობი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს სხვა, მათ შორის პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასის ფორმირებაში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.


