„შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი ერთ-ერთი უნიკალური ინიციატივაა, რომელიც ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან ერთად შევიმუშავეთ, დავაინიცირეთ და განვახორციელეთ. დღეს უკვე ვხედავთ, რომ ევროკავშირმა მას განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს პროექტის განხორციელებასა და კაბელის მშენებლობის პროცესს“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭეს.
„ჩვენ მსოფლიოს შევუნარჩუნეთ უსაფრთხო დაკავშირებადობის გზა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა როგორც გეოგრაფიული და ტერიტორიული მდებარეობის, ასევე უსაფრთხოების კომპონენტის, ტარიფებისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით.
რეალურად, საქართველო საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ ლოჯისტიკურ ჰაბს და არის აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი – ეს ფაქტი ისტორიულად დამტკიცებულია და დღემდე ამის რეალური ალტერნატივა ვერ მოიძებნა.
რაც ჩვენგან არის საჭირო, არის ამ გზის კიდევ უფრო გაძლიერება – ის უნდა გახდეს უსაფრთხო, ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული, ეკონომიკურად მისაღები, ხელმისაწვდომი და ეფექტიანი. ამასთანავე, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მოვიზიდოთ ახალი, სტრატეგიული პროექტები. სწორედ ასეთია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი – უნიკალური ინიციატივა, რომელიც ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან ერთად დავაინიცირეთ და განვახორციელეთ. დღეს უკვე ვხედავთ, რომ ევროკავშირმა მას განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მისი განხორციელების პროცესს.
სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ენერგეტიკული განვითარების გზაზე გვხვდებოდა სერიოზული ბარიერები. კარგად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები, რომლებიც, თითქოს გარემოს დაცვის სახელით მოქმედებდნენ, თუმცა რეალურად ზიანს აყენებდნენ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ენერგეტიკულ პოტენციალს. სწორედ ამის შედეგად, ვერ განხორციელდა რამდენიმე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო როგორც შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად, ასევე ენერგიის ექსპორტის გასაზრდელად. ამან პირდაპირ იმოქმედა დღევანდელ ვითარებაზე. სწორედ ამან გამოიწვია ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა. ამის მიზეზი თავის მხრივ გახდა ის, რომ ელექტროენერგიის მოხმარების მუდმივი ზრდის პროცესში, არ ვამატებდით მიღების წყაროებს, რადგან ეს წყაროები ჩვენ ჩაგვიკეტეს, დაგვიბლოკეს ყველაზე მსხვილი პროექტები, რომელსაც უნდა მოეცა ჩვენთვის ელექტროენერგია და გამოგვაცალეს ის ძლიერი უპირატესობა, რომელიც როგორც ქვეყნის შიდა მოხმარებას, ასევე საექსპორტო პოტენციალსაც გაგვიზრდიდა.
შესაბამისად, როგორც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, აღარ ვაპირებთ იმ მავნებლურ პოლიტიკას „გავუწვეთ“ და დავმორჩილდეთ, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს. ამიტომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.


