„ამ პროცესებს განვიხილავ, როგორც ერთ დიდ სერიოზულ თამაშს, რომელშიც გაერთიანებულია ძალიან სერიოზული, ოლიგარქიული კლანების ფინანსური ინტერესები. ამ თამაშში თუ ერთი მხარე აგებს ფინანსური თვალსაზრისით, მეორე მხარე იგებს და ეს მეორე მხარე სერიოზულად იხეირებს მაშინ, როცა ირანის კამპანია შეჩერდება, შეაჩერებენ, წერტილს დაუსვამენ და დაიწყება იმის დათვლა ვინ რა ქულები მოიპოვა პოლიტიკური თვალსაზრისით და ვინ რა ქულებით წააგო ეს ყველაფერი“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებს და ტრამპის ადმინისტრაციას პრინციპში შეგროვებული აქვს პოლიტიკური თვალსაზრისით ის სალაპარაკო საკუთარ ამომრჩეველთან, საზოგადოებასთან, რომ მან ბოლობოლო ყველაზე ხისტი ხელმძღვანელი აიათოლა ხამენეი ფიზიკურად გაანადგურა, მის ნაცვლად უფრო რბილი და უფრო მისაღები ლიდერი მოიყვანა ქვეყნის სათავეში. შეიძლება მოატყუოს თავის საზოგადოებას და ეს ვერანაირად ვერ გადამოწმდეს, რომ უფრო გამძლავრდა ირანელი „აკაცუკების“ და ლიბერალური ფრთის ოპოზიციური განწყობები, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში იძლევა იმის შანსს, რომ ეს დროებითი სახელმწიფო მმართველობა მომავალში შეიცვლება კიდევ უფრო ხელსაყრელი მმართველობის ფორმით, რაც ამერიკის ინტერესებში შედის.
საბოლოო ჯამში, შესაძლოა, იგი საზოგადოების წინაშე წარდგეს იმ პოზიციით, რაც უკვე გააჟღერა: რომ ირანის პრობლემა შეჩერდება და საბოლოოდ მოგვარდება. ეს პროცესი შეიძლება პაკისტანთან მოლაპარაკებების ფონზეც განვითარდეს, თუმცა, ჩემი აზრით, საბოლოოდ ყველაფერი მაინც ფინანსურ ინტერესებთან და რესურსებთან არის დაკავშირებული.
ამ პროცესში მხოლოდ ტრამპი არ ფიგურირებს — მასთან ერთად არიან პრაგმატული პოლიტიკოსებიც, რომლებიც კარგად აცნობიერებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უნდა აღმოჩნდეს მსოფლიოს წინაშე პოლიტიკურად სასაცილო მდგომარეობაში და არც რომელიმე ერთი მხარის მძევლად უნდა იქცეს.
ვფიქრობ, მოვლენები იმ მიმართულებით წავა, რომ ამგვარი პოლიტიკური „ვაჭრობის“ შედეგად, შესაძლოა, ერთ-ერთი მთავარი წამქეზებელი და პროცესის ტრიგერი — ისრაელი — აღმოჩნდეს ყველაზე რთულ და წამგებიან პოზიციაში. თუმცა, ცხადია, მას ბოლომდე არ გაწირავენ. მიუხედავად ამისა, იმ ზეამოცანებს, რაც ნეთანიაჰუს ამოძრავებდა კამპანიის დასაწყისში — კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ირანისთვის გამანადგურებელი დარტყმის მიყენება — დიდი ალბათობით განხორციელება არ უწერია“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.


