თორნიკე ჭეიშვილი: „თუ გადავავლებთ თვალს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ რეიტინგებს, დავინახავთ, რომ საქართველო რიგ შემთხვევებში არა მხოლოდ კანდიდატ სახელმწიფოებთან შედარებით არის წინ, არამედ ზოგჯერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს“

14

„თუ გადავავლებთ თვალს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ რეიტინგებს, დავინახავთ, რომ საქართველო რიგ შემთხვევებში არა მხოლოდ კანდიდატ სახელმწიფოებთან შედარებით არის წინ, არამედ ზოგჯერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

„როდესაც ვახსენებთ ევროკომისიას და მისი დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს, ფაქტია, რომ ისინი, ერთი მხრივ, ენდობიან საკუთარ მონაცემებს, თუმცა, მეორე მხრივ, არ სურთ იმ რეალობის აღიარება საქართველოში, რომელზეც თავადვე აპელირებენ. მათი მხრიდან საუბარია, რომ თითქოს დემოკრატიულ უკუსვლასთან გვაქვს საქმე, რეალურად ეს არის მოგონილი თემები მათი მხრიდან და როცა საუბარია მართლმსაჯულებაზე, ადამიანის უფლებებზე, ღია თუ კარგ მმართველობაზე, კორუფციის წინააღმდეგ გატარებულ რეფორმებზე, კეთილდღეობაზე და ასე შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ წლიდან წლამდე ჩვენ ვხედავთ შეუქცევად პროგრესს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი არ არიან საქართველოსთან მიმართებით მართლები, არ არიან კეთილგანწყობილები და ცდილობენ „შავი ღრუბლის“ იმიტაციის შექმნას იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ერთგვარი მაშველი რგოლი ესროლონ რადიკალურ ძალებს ჩვენს ქვეყანაში, ხოლო მეორე მხრივ, ქართულ საზოგადოებაში დაამკვიდრონ აღქმა, რომ როგორც თავად წარმოაჩენენ, წინსვლის ნაცვლად რეგრესთან გვაქვს საქმე.

ამ ყველაფრის ყველაზე სწორი შემფასებელი გახლავთ თავად ჩვენი საზოგადოება, რომელიც ხედავს რეალურ მდგომარეობას. ამასთან, აღნიშნული რეიტინგები არ წარმოადგენს საბოლოო ინსტანციას და უმაღლეს წერტილს ჩვენთვის და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავს რეიტინგებში უფრო მაღალი და მოწინავე პოზიციები დავიკავოთ. თუმცა იმის მტკიცება, რომ საქართველოში უკუსვლაა, არის სიყალბე და სიცრუე. მოვუწოდებთ მათ, საკუთარ კვლევებს მაინც ენდონ“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.