თორნიკე ჭეიშვილი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ეკლესიის თემით სპეკულირებაზე: „როგორ უნდა შეიცვალონ ეს ადამიანები და როგორ უნდა მოგვევლინონ უცებ ღრმად მორწმუნეებად? ცხადია, ისინი რელიგიას პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ და ამას შესაბამისი, მკაფიო შეფასება სჭირდება“

14

„როგორ უნდა შეიცვალონ ეს ადამიანები და როგორ უნდა მოგვევლინონ უცებ ღრმად მორწმუნეებად? ცხადია, ისინი რელიგიას პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ და ამას შესაბამისი, მკაფიო შეფასება სჭირდება“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ეკლესიის თემით სპეკულირებაზე საუბრისას განაცხადა.

„თუ ამას მორალურ კონტექსტში შევხედავთ, ზოგადად რელიგიის თემით სპეკულირება თავისთავად არის დაუშვებელი მიდგომა და ქმედება. ამასთან, მიჩნდება ეჭვი, რომ გარე კურატორებმა, დავალების მიმცემებმა, სწორედ ეს ქცევა უკარნახეს რადიკალურ ოპოზიციას. როგორც ჩანს, ისინი დააკვირდნენ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და იმ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და უპრეცედენტო ერთობას, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ გამოავლინა მაშინ, როცა საქმე ჩვენი პატრიარქისთვის პატივის მიგებას ეხებოდა. ამის საფუძველზე, გააკეთეს შესაბამისი დასკვნები და გარედან უკარნახეს რადიკალურ ძალებს, მორიგი თვალთმაქცობა და ფარისევლობა. თუმცა, იმდენად დაბალი ხარისხის შესრულებასთან გვაქვს საქმე, რომ ისინი ამას ვერც კი მალავენ. როდესაც საუბრობენ ეკლესიასთან დაახლოებაზე ან ცდილობენ ეკლესიაზე აპელირებას, ყველა ხვდება, რომ ეს მათი მერკანტილური დამოკიდებულების გამოხატულებაა ამ საკითხის მიმართ.

შორს რომ არ წავიდეთ, საკმარისია გავიხსენოთ მათ მიერ წლების განმავლობაში გადადგმული არაერთი ნაბიჯი, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის წინააღმდეგ, მათ შორის პირადად კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ. შემდგომში ეს ნეგატიური რიტორიკა გავრცელდა მეუფე შიოზეც და სინოდის სხვა წევრებზეც. ამ ფონზე ჩნდება ბუნებრივი კითხვა – როგორ უნდა შეიცვალონ ასეთი ადამიანები და როგორ უნდა მოგვევლინონ უცებ ღრმად მორწმუნეებად? ცხადია, ისინი რელიგიას პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ და ამას შესაბამისი, მკაფიო შეფასება სჭირდება.

გარდა ამისა, ისინი თავს ვერ იკავებდნენ მაშინაც კი, როცა გლოვის დღეები იყო – მათი მხრიდან სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებში ვრცელდებოდა არაერთი ამორალური განცხადება, ისეთი შინაარსის, რომელსაც რთულია სახელიც კი დავარქვათ. ეს არის მათი რეალური სახე, ის 9-წლიანი ბარბაროსული რეჟიმი, მათთვის ადამიანს აბსოლუტურად არანაირი ღირებულება არ გააჩნია“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.