“ერთიანი ნეიტრალური საქართველო”: “უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, უკიდურესად არარელევანტური სწორედ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარი და მთლიანად ილუზიებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის უსასრულოდ გაგრძელებაა”

18

“გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტში გამართულ ინტერპელაციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილის საგანგაშო განცხადებას ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომელშიც მან ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს არარელევანტური უწოდა და საკითხზე ნეგატიურად ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობისა და დეოკუპაციის კონტექსტში”, – ნათქვამია “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივის შესაბამისად, წლების განმავლობაში ნერგავდა ცრუ ნარატივს, თითქოს ნეიტრალიტეტი რუსეთის წინაშე კაპიტულაციის ტოლფასია. სამწუხაროა, რომ მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას.

უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, უკიდურესად არარელევანტური სწორედ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარი და მთლიანად ილუზიებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის უსასრულოდ გაგრძელებაა.

NATO-ში გაწევრიანების უსაფრთხოების ქოლგად, ხოლო ევროკავშირში ინტეგრაციის ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტიად წარმოჩენა თავშივე მცდარი იყო და ამ გზაზე სვლამ ჩვენს ქვეყანას 35 წლის განმავლობაში არაერთი მძიმე დარტყმა მიაყენა. წლების წინ თუ ამ შედეგების განჭვრეტა რთული იყო, დღეს ეს უკვე მოცემულობაა – ფაქტობრივად, აღარ არსებობს ევროატლანტიკური თანამშრომლობის ძველი ფორმატი და ამის ვერდანახვა სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას დიდი რისკის ქვეშ აყენებს.

როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს, თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას; დღემდე მათი საგარეო პრიორიტეტები წარსულში რჩება, ამიტომ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ კიდევ ერთხელ აყენებს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვის ინიციატივას”, – ნათქვამია განცხადებაში.