“ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს, რამდენი რევოლუციაც უნდა, იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
„თუკი ეს სიმართლეს შეესაბამება და წარსულის სამწუხარო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არ არის რეალობას მოწყვეტილი ხოლმე ასეთი შემთხვევები, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებდა იმას, თუ რა არის დღევანდელობის ყველაზე დიდი ბოროტება. ყველაზე დიდი ბოროტება არის სუვერენიტეტის ჩუმი, თითქოს არა ძალადობრივი და, ამავე დროს, ყველაზე მზაკვრული ხელყოფა, როდესაც უცხო ცდილობს, ხელი აფათუროს სხვა ერის, სხვა საზოგადოების ცხოვრებაში. უფრო დიდი ბოროტება დღესდღეობით რთულია, წარმოიდგინო, ვიდრე ის, რომ ქვეყნები, ჯგუფები თუ ადამიანები სხვა ერების ცხოვრების არევას ცდილობენ.
მთავარი გამოწვევა დღეს მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ არის სწორედ გარე ჩარევები და ასეთი ჩარევები.
ჩეხეთში, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება შეიცვალა, მე იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება დაინტერესდება, სახელმწიფო დაფინანსება დგას თუ არა ამის უკან. ყველაფერს ჩავყვებით დეტალურად. არავის მივცემთ საშუალებას, რომ საკუთარი რევოლუციური გეგმები საქართველოში განახორციელოს. ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს, რამდენი რევოლუციაც უნდა, იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას. გვეყო, წარსულში რაც არიეს გარედან ჩვენი ხალხის ცხოვრება და რითაც დააზიანეს გარედან საქართველო. ყველა ზიანი, რაც კი გარედან მიგვიღია, მიგვიღია სწორედ ასეთი არამკითხე მოამბეების საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
„ქრონიკის“ ინფორმაციითვე, საქართველოში დაგეგმილ და მზადების პროცესში მყოფ არეულობაზე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის, უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებასაც აწარმოებს.


