“ეს აჩვენებს, თუ რამდენად სწორად მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, – რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის და არა სხვა ქვეყნების ინტერესებით”, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია.
„კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიტყვი: ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და, დიდი ალბათობით, კიდევ ერთ ომგადატანილი ქვეყანა.
საბედნიეროდ, ბრიუსელის და სხვა ზოგიერთი დედაქალაქის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლებაში და კაბინეტებში არ დახვდნენ ბრიუსელის წინაშე ცალ ფეხზე მდგომი ადამიანები. დახვდნენ ისინი, რომლებიც იცავენ საკუთარი ერის ინტერესებს და ეს არის ზუსტად შედეგი. ეს არის სიკეთე დამოუკიდებლობისა და თუ რა არის ფასი ცალ ფეხზე დგომის, ამას სხვა ქვეყნებში ვხედავთ ჩვენ, რომელიც ომის ქარცეცხლშია გახვეული და სამადლოდ აქვთ ახლა გადაქცეული, ევროკავშირში რა ტემპით მიიღებენ, როდის რა მოლაპარაკებას გაუხსნიან და რა შედეგები ექნებათ“, – აღნიშნა მან.


