“რაც მთავარია, არ ჩივიან ავიაკომპანიები და არ ჩივიან პილოტები და, რატომღაც, ჩივის რადიკალური ოპოზიცია”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აბასთუმნის ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ოპოზიციის აჟიოტაჟის შესახებ.
„ყველაფერი, რაც დადებითი ხდება საქართველოში, ამაზე თავდასხმა და არდაშვება – ეს არის მთავარი მიზანი, რაც ამ დეზინფორმაციას აქვს.
რადიკალურ ოპოზიციას და მათ გარე დამკვეთებს არსენალი ამოეწურათ ყველანაირი – პოლიტიკური თემების არსენალი, სხვა მიმართულებით ყველანაირი თავდასხმის საბაბი სცადეს და ყველგან დამარცხდნენ. ახლა მთავარი, რასაც ისინი ცდილობენ, არის ის, რომ რამენაირად ეკონომიკურად დააზიანონ ქვეყანა, რომ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიონ. ესეც ამ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომ არ დაუშვან წარმატებული პროექტების განხორციელება; არ დაუშვან, მათ შორის, სამეცნიერო პოტენციალის ათვისება.
აბასთუმნის ობსერვატორია, სამეცნიეროსთან ერთად, არის მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც საინტერესოა, ზოგადად, მათთვის, ვინც საქართველოს მოინახულებს ხოლმე. ამ ყველაფრის არდაშვება უნდათ.
არ ვიცი, რადიკალურ ოპოზიციას გზა ევიწროება თვითმფრინავების გადასაფრენად თუ რატომ აქვთ ეს პრობლემები წარმოშობილი.
სულ ცოტა ხნის წინ, ყველამ ერთად ვიხილეთ საქართველოს ცა როგორ ინტენსიურად იყო გამოყენებული და დღესაც ასე ხდება, მას შემდეგ, რაც ჩაკეტილია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მარშრუტები. ასე რომ, საკმარისი მარშრუტებია საქართველოში თვითმფრინავების გადმოსაფრენად. იქ, სადაც საჭიროა სამეცნიერო პოტენციალის ასათვისებლად შესაბამისი შეზღუდვების დაწესება, ესეც უმტკივნეულოდ ხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


