თამარ კიკნაძე გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე: „გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ მიუთითა ქართულმა მხარემ ამ მონაცემების განახლების შესახებ, მაგრამ ისინი ამას არ ითვალისწინებენ, რაც არის გერმანიის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა“

21

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს არარეთხელ მიუთითა ქართულმა მხარემ ამ მონაცემების განახლების შესახებ, მაგრამ ისინი ამას არ ითვალისწინებენ, რაც არის გერმანიის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა“, – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, თამარ კიკნაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

“ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ სხვადასხვა ღონისძიებები მივიღოთ – ელჩი დაიბარო, ნოტა გადასცდე, პროტესტი გამოაცხადო, მაგრამ ჩვენ თითქოს რაღაცნაირად მივეჩვიეთ ევროკავშირის ქვეყნებიდან ასეთ დამოკიდებულებას. გერმანელი მაღალჩინოსნები ხელიდან არ უშვებენ შესაძლებლობას, რომ ასეთი სახით თითქოსდა დასაჯონ საქართველო, რომელიც განუხრელად დამოუკიდებელ, სუვერენულ პოლიტიკას აწარმოებს. ისეთი დიდი ქვეყნისთვის, როგორიც გერმანიაა, ასეთი რამ აბსოლუტურად შეუფერებელი ქმედებაა.

ეს არც პირველი შემთხვევაა – ჩვენ გვახსოვს, საქართველოში სტუმრად მყოფი რამდენიმე მაღალჩინოსანი საპროტესტო აქციებშიც კი იღებდნენ მონაწილეობას და პირდაპირ მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს ფერადი რევოლუციისკენ. ასე რომ, მათი მხრიდან არც ეს შემთხვევა უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ნათელია, რომ ყველანაირად ირღვევა ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. თანაც არაერთხელ.

მე ვთვლი, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა და ვერ დააფიქსირებს პოზიციას ისე, როგორც ეს შეუძლიათ დიდ ქვეყნებს – ელჩის დაბარება, თანამშრომლების დეპორტი და ასე შემდეგ. საქართველოს ხელისუფლება თავის პოზიციას აფიქსირებს აბსოლუტურად მეგობრულად, რიტორიკის დონეზე, არავითარი აგრესიული ქმედება არ გამოგვიჩენია, ერთადერთი რაშიც ვართ „დამნაშავეები“ არის ის, რომ ვიცავთ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობას და ვახორციელებთ ეროვნულ პოლიტიკას, ხოლო ის, რასაც ისინი გვთავაზობენ არ წაადგება არც ჩვენს ქვეყანას, არც ხალხს და არც მათ უსაფრთხოებას“, – განაცხადა თამარ კიკნაძემ.