„ამ ომმა გლობალური გავლენა იქონია მთელ მსოფლიოზე და კიდევ რა გველოდება წინ, არავინ იცის. გეოპოლიტიკური რუკა, ეკონომიკური სისტემები, ჩვენს თვალწინ იცვლება და ალბათ სრულიად ახალ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრების გაგრძელება“ – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, თამარ კიკნაძემ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„თუ ვიმსჯელებთ იმ წინაპირობებით, რაც ზავის დადებას უძღოდა წინ, ის 4 შეთავაზება, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა, ის 10-პუნქტიანი გეგმა, შეთანხმების პროექტი, უნდა აღინიშნოს, რომ შეხების წერტილები ძალიან ცოტაა. მაშინ როცა ირანმა ამ 4-პუნქტიან შეთავაზებაზე უარი თქვა, ამერიკულმა მხარემ შესთავაზა ის 10-პუნქტიანი შეთავაზება საბაზისო ხელშეკრულებად, რაც ამ ქვეყნებს შორის შეიძლება დაიდოს.
აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – მაშინ, როცა ამერიკა და ირანი სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრობენ, არ ჩერდება ისრაელი, რომელიც ბომბავს ლიბანს. ასევე კამათია იმაზე, ლიბანის და „ჰეზბოლას“ საკითხი უნდა შევიდეს ამ ხელშეკრულებაში თუ არა. ამისთვის კი ჯერ ცეცხლი უნდა შეწყდეს. ისრაელის მხრიდან ლიბანზე თავდასხმები კი არის ხელისშემშლელი ამ ვითარებაში.
შეთანხმების მიღწევა, პირველ რიგში ამერიკის ინტერესებში შედის, მაგრამ აქ ისმის კითხვა – რამდენად შეუძლია ვაშინგტონს მოთოკოს ისრაელის ქმედებები? ამერიკის საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღშფოთებულია ამ ომის გამო და ღიად აფიქსირებენ ამ განწყობას, რომ ეს ომი არავითარ შემთხვევაში არ შედიოდა ამერიკის ინტერესებში.
ცნობილი ამერიკელი აღმოსავლეთმცოდნეებიც ამბობენ, რომ ეს ომი ისრაელის ინტერესებში უფრო შედის, ვიდრე ამერიკის.
ამ ომმა გლობალური გავლენა იქონია მთელ მსოფლიოზე და კიდევ რა გველოდება წინ, არავინ იცის. გეოპოლიტიკური რუკა, ეკონომიკური სისტემები, ვხედავთ, ჩვენს თვალწინ იცვლება და ალბათ სრულიად ახალ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრების გაგრძელება.
ვხედავთ ნავთობის ფასი სადამდე არის გაზრდილი, როგორი ეკონომიკური რყევებია. აქედან გამომდინარე, ამერიკელი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შეიძლება დავუბრუნდეთ გასული საუკუნის 30-იან წლებში არსებულ ვითარებას, „დიდი დეპრესიის წლებს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ტრამპი იმიტომ მოქმედებს ასე, რომ უნდა არსებული მსოფლიო წესრიგი გლობალურად შეცვალოს“, – განაცხადა თამარ კიკნაძემ.


