„ევროკავშირი აღარ არის დღევანდელი დღის აქტუალური ინსტიტუცია – ის წარმოადგენს წინა მსოფლიო წესრიგის გადმონაშთს და, ჩემი აზრით, ჩვენ მოვესწრებით ევროპის ტერიტორიაზე სრულიად ახალ გადანაწილებასა და ალიანსებს“- თამარ კიკნაძე

22

„ევროკავშირი აღარ არის დღევანდელი დღის აქტუალური ინსტიტუცია – ის წარმოადგენს წინა მსოფლიო წესრიგის გადმონაშთს და, ჩემი აზრით, ჩვენ მოვესწრებით ევროპის ტერიტორიაზე სრულიად ახალ გადანაწილებასა და ალიანსებს“, – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ კიკნაძემ უნგრეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„ის, რაც უნგრეთში განვითარდა, მოსალოდნელი იყო. ვიცოდით, რომ სიტუაცია მარტივი არ იყო – ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებდა. ხალხი დაიღალა ორბანის 16-წლიანი პრემიერობით; არსებობდა გარკვეული კლანები და კორუფციული მექანიზმები და ა.შ. თუმცა პიტერ მადიარი ორბანის გუნდის წარმომადგენელია – 2024 წლამდე იგი მის პარტიაში საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა. მას ამ არჩევნებში მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა და პიარი ჰქონდა, რამაც მის გამარჯვებას შეუწყო ხელი. თუმცა ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის – როდესაც ამხელა რესურსი იხარჯება, შესაბამის ნაბიჯებს აუცილებლად მოითხოვს ის, ვინც ამის უკან დგას.
ვინ დგას ამის უკან, არ ვიცი, თუმცა შედარებისთვის შეიძლება გავიხსენოთ 2003 წლის ვარდების რევოლუცია საქართველოში, როდესაც მოლოდინები ძალიან მაღალი იყო, მაგრამ იმ ვალდებულებების გამო, რაც სააკაშვილს ჰქონდა, ვნახეთ, რომ ომამდე კინაღამ მივედით.

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები უნგრეთში, თუმცა იქაც არიან „ტროას ცხენები“ – მაგალითად, ბაბიში, ფიცო და სხვები. ამდენად, ეს დაპირისპირება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამერიკასა და ევროპას შორის არსებობს დაძაბულობა, რადგან ორბანი ამერიკისთვის სასურველ კანდიდატად ითვლებოდა.

იქედან გამომდინარე, რომ მადიარმა დააფიქსირა ეროვნული ინტერესები, ეს კარგი სურათია უნგრეთისათვის. თუმცა ვნახოთ როგორ პოლიტიკას გაატარებს საბოლოოდ მადიარი. ყოველ შემთხვევაში მისი „წყლის გადასხმა“ რომ უნდა ჩვენს ოპოზიციას და მიაჩნიათ, რომ ევროკავშირი შენარჩუნდება ამით, ეს ასე არ არის. იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ობიექტურად განსაზღვრული ცენტრიდანული მოვლენებია – უპირველესად ეს არის უზარმაზარი ბიუროკრატიული წრე, რომელიც კორუფციაშია გახვეული და რაც მთავარია, ევროკავშირი აღარ არის დღევანდელი დღის აქტუალური ინსტიტუცია — ის წარმოადგენს წინა მსოფლიო წესრიგის გადმონაშთს. ჩემი აზრით, ევროპის ტერიტორიაზე, ალბათ, მოვესწრებით სრულიად ახალ გადანაწილებასა და ალიანსებს“, — განაცხადა თამარ კიკნაძემ.