უელსის ეკლესიის მმართველმა ორგანომ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ერთნაირსქესიანი წყვილების რელიგიური ცერემონია მუდმივი გახდა.
ცვლილება უკავშირდება 2021 წელს დროებით მიღებულ წესს, რომელიც ერთნაირსქესიან წყვილებს საშუალებას აძლევდა, ეკლესიაში ქორწინების ან სამოქალაქო პარტნიორობის კურთხევა მიეღოთ.
კანონპროექტის მხარდაჭერით გამოვიდა ეკლესიის არაერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი, მათ შორის, სენტ ასაფისა და ლანდაფის ეპისკოპოსები. ამასთან, სასულიერო პირებს კვლავ ექნებათ უფლება, ინდივიდუალურად უარი თქვან ასეთი კურთხევის შესრულებაზე.
საკითხს მხარი დაუჭირა მმართველი ორგანოს 143 წევრის უმრავლესობამ. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო თითოეულ სამ ჯგუფში – ეპისკოპოსებში, სასულიერო პირებსა და ერისკაცებში – 2/3-ის მხარდაჭერა.


