„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობამ უკვე გამოიწვია ფასების ზრდა, თუმცა მთავარი კრიზისი, შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ იყოს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზაზა მარიდაშვილმა ირანში მიმდინარე ომის ფონზე მსოფლიოში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
„ირანში ომის დაწყებისას, შეერთებულმა შტატებმა სერიოზული შეცდომა დაუშვა – არ ელოდა, რომ ირანი ამ მასშტაბით გაუწევდა წინააღმდეგობას. ჩვენ ვნახეთ რა მოხდა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით – როგორ გამოიყენეს ირანელებმა ეს ბერკეტი, თუმცა მათი რესურსი ამით არ ამოიწურება. ირანს შეუძლია გააგრძელოს სპარსეთის ყურის ქვეყნების ინფრასტრუქტურის დაბომბვა — მათ შორის, მილსადენების, სამხედრო ბაზებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ირანის დამარცხება მხოლოდ საჰაერო სივრცის კონტროლითა და დაბომბვით არის შესაძლებელი, ცდება. ირანს შეუძლია სერიოზული პრობლემები შეუქმნას მსოფლიო ეკონომიკას – განსაკუთრებით ნავთობისა და სხვა მნიშვნელოვანი რესურსების მიმართულებით. დღეს მსოფლიო ისედაც რთულ მდგომარეობაშია: მარაგები იწურება და ეკონომიკური მდგომარეობა მრავალი ქვეყნისთვის კრიტიკულია. გარდა ამისა, ირანს შეუძლია დამატებითი დაძაბულობა შექმნას წითელ ზღვაშიც.
ირანთან ომმა და ნატო-სა და შეერთებული შტატების დამოკიდებულებამ ამ ომის მიმართ უკვე სხვა ფაზაში გადაიყვანა მსოფლიო გადანაწილების პროცესი. თუ შეერთებულ შტატებს გათვლილი ჰქონდა, რომ ირანთან დაპირისპირებით დააზიანებდა ჩინეთსა და ბრიქსის ქვეყნებს, აშკარაა, რომ მოვლენები ამ სცენარით არ განვითარდა. პრობლემები შეექმნათ არა მხოლოდ მოწინააღმდეგეებს, არამედ მათ მოკავშირეებსაც, რის გამოც გარკვეულწილად იძულებულნი არიან პოზიციების გადახედვაზე წავიდნენ.
ამ ეტაპზე, სავარაუდოა, რომ ვითარება შედარებით სწრაფად მივა დეესკალაციამდე და ორივე მხარე შეეცდება პროცესიდან იპოვოს გამოსავალი. შეერთებულმა შტატებმა ვერ მიაღწია მთავარ მიზანს – ირანში რეჟიმის ცვლილებას, ხოლო ბირთვულ პროგრამასთან და ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული საკითხები კვლავ მოლაპარაკებების საგნად რჩება. შესაბამისად, ორივე მხარე ეცდება საკუთარი თავი გამარჯვებულად წარმოაჩინოს.
თუ გავითვალისწინებთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, სადაც მან ხაზი გაუსვა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული ვითარების სწრაფად განმუხტვის აუცილებლობას, ცხადია, რომ დასავლეთში შეშფოთება იზრდება. ბრიტანეთსა და ევროკავშირში ეკონომიკური მდგომარეობა ყოველდღიურად რთულდება და, თუ კონფლიქტი სწრაფად არ დასრულდა, ეს პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება. ამ პროცესების გავლენა უკვე იგრძნობა როგორც საქართველოში, ისე ევროპაში, ამერიკაში და მთლიანად მსოფლიოში.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობამ უკვე გამოიწვია ფასების ზრდა, თუმცა მთავარი კრიზისი, შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ იყოს“, – განაცხადა ზაზა მარიდაშვილმა.


